ისტორიამსოფლიო

აღმოაჩინეს ქალაქი, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მცხოვრებთა ცოდვების გამო ზღვამ შთანთქა

მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ ამ ქალაქის არსებობის რეალობაზე, მაგრამ ახლა ის რუკაზეა დატანილი

არქეოლოგებმა დაკარგული ქალაქი რუნგჰოლტი აღმოაჩინეს.

ლეგენდის თანახმად, ეს აყვავებული ქალაქი ოდესღაც ჩრდილოეთ გერმანიაში, ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა და ერთ ღამეს, ძლიერი შტორმის შემდეგ, ცოდვების გამო მის მცხოვრებთა დასასჯელად ჩრდილოეთის ზღვამ შთანთქა.

ფოლკლორის მიხედვით, ცოდვებს შორის იყო ლოთობა, ღმერთის დავიწყება და სიმდიდრით გატაცება.

გადმოცემის თანახმად, სიმდიდრემ მოსახლეობა ამორალურ ცხოვრებამდე მიიყვანა, აღსასრული კი შობის დღეებში დადგა, როცა მთვრალი ახალგაზრდების ჯგუფმა მღვდელი აიძულა, ღორისთვის უკანასკნელი ზიარება მიეცა.

ამის შემდეგ მღვდელი ეკლესიაში წავიდა, ილოცა და ღმერთს ახალგაზრდა მამაკაცთა დასჯა სთხოვა. მეორე დღეს მან ქალაქი დატოვა და სულ მალე იქაურობას ძლიერი შტორმი დაატყდა, რომელმაც რუნგჰოლტი აღგავა პირისაგან მიწისა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ქალაქის არსებობას საერთო ეჭვქვეშ აყენებდა და მითად თვლიდა, ახალი კვლევის შედეგად ამ „ჩრდილოეთის ატლანტიდის“ ნაშთები ვატოვის ზღვაში (ვადენზეე) აღმოაჩინეს.

გეოფიზიკური კვლევის ფარგლებში, კუნძულ ზიუდალფის გარშემო კილის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა დაახლოებით 1,9 კმ სიგრძის შუასაუკუნეების მიწაყრილები აღმოაჩინეს. მკვლევართა ვარაუდით, შტორმი, რომელმაც ქალაქი შთანთქა, 1362 წელს უნდა მომხდარიყო.

„სხვადასხვა გეოფიზიკური მეთოდით, მათ შორის, მაგნიტური გრადიომეტრიის, ელექტრომაგნიტური ინდუქციისა და სეისმოლოგიის გამოყენებით, ტალახიანი დაბლობების (ვატები) ქვეშ აღმოვაჩინეთ დასახლების ნაშთები“, – ამბობს კილის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი დენის ვილკენი.

აღმოჩენებს შორის არის ნავსადგური, დიდი ეკლესიის საძირკველი და დრენაჟის სისტემა.

პრესრელიზის თანახმად, კვლევა გრძელდება და წინ მნიშვნელოვანი აღმოჩენები გველოდება, რაც უპრეცედენტო ცნობებს მოგვაწვდის ჩრდილოეთ ფრიზიელი ხალხის ცხოვრების შესახებ.

თუმცა მკვლევრებს მუშაობა დროის წინააღმდეგ უწევთ, რადგან გარემო ნაშთებს მუდმივად შლის.

„შუასაუკუნეების დასახლების ნაშთები უკვე დიდწილად წაშლილია და ხშირად მხოლოდ უარყოფით ანაბეჭდებზე ჩანს. შესაბამისად, სასწრაფოდ საჭიროა აქტიური კვლევები“, – ამბობს მაინცის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი ჰანა ადლერი.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და Business Insider-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ: ჰეროდოტეს სიმართლე ახალმა აღმოჩენამ დაადასტურა

ესქილეს უცნაური სიკვდილი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close