ჰეროდოტეს სიმართლე ახალმა აღმოჩენამ დაამტკიცა

თითქმის 2500 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ ძველბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ნილოსზე მცურავ უჩვეული სამდინარო ხომალდებზე რომ წერდა, სიმართლეს ამბობდა და ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი სულაც არ ყოფილა, როგორც აქამდე მიაჩნდათ.

ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, არქეოლოგიურმა კვლევებმა გამოავლინა ჩაძირული გემი ტონის-ჰერაკლიონის (Thonis-Heraklion) – ზღვაში დანთქმული ქალაქი-ნავსადგურის სიახლოვეს ეგვიპტეში, რომელიც ჰეროდოტეს აღწერილობის იდენტურია და დღემდე მისი ფანტაზიის ნაყოფად ითვლებოდა.

ჰეროდოტემ ჩვენს ერამდე მე-5 საუკუნეში, კერძოდ კი 450 წელს ეგვიპტეში იმოგზაურა და ამ მოგზაურობის შედეგად თავის შრომებში დეტალურად აღწერა ნილოსზე მცურავი უცნაური სამდინარო ხომალდები. ამ ტიპის ხომალდს ადგილობრივი მცხოვრებლები „ბარისს“ უწოდებდნენ. ამასთან, ძველბერძენი ისტორიკოსი ადასტურებდა, რომ თავადაც მონაწილეობდა ამგვარი ხომალდის მშენებლობაში.

24 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ისტორიკოსები და არქეოლოგები სკეპტიკურად უდგებოდნენ ამ აღწერებს, რადგან სხვა არქეოლოგიური მონაცემები და ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა. როგორც კი აბუკირის ყურეში, ნილოსის შესართავის სიახლოვეს საოცრად კარგად შენახული ჩაძირული ხომალდი აღმოჩნდა, მკვლევარები მაშინვე მიხვდნენ, რომ ჰეროდოტე სიმართლეს ამბობდა.

„როგორც კი ჩაძირული ხომალდი ვიპოვეთ, დავრწმუნდით, რომ ჰეროდოტე მართალი იყო. ჰეროდოტე აღწერს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ საკუთარი თვალით“, – განაცხადა დემიენ რობინსონმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამხედრო-საზღვაო არქეოლოგიის ცენტრის დირექტორმა და არქეოლოგიური კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „წინამორბედმა მეცნიერებმა შეცდომები დაუშვეს, როდესაც ტექსტის ინტერპრეტირება მოახდინეს არქეოლოგიური მტკიცებულებების გარეშე“.

„ხომალდ17-ს“, როგორც მას უწოდეს, ნახევარმთვარის ფორმის უზარმაზარი კორპუსი აქვს – ასე აღწერდა ჰეროდოტეც. მისი სიგრძე 28 მეტრია, ცოტა უფრო დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის აღწერილობაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეგვიპტური სავაჭრო ხომალდია, რომელიც კი არქეოლოგებს დღემდე აღმოუჩენიათ.

უძველესი ეგვიპტური ქალაქი-ნავსადგური ტონისი, რომელსაც ბერძნები ჰერაკლიონს უწოდებდნენ, დაახლოებით 2700 წლის წინ დაარსდა და რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ეგვიპტის უდიდესი  პორტი და სავაჭრო ცენტრი იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ალექსანდრიის მახლობლად. თუმცა ნელ-ნელა წყალმა ხმელეთის დაფარვა დაიწყო და პორტი ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნეში საბოლოოდ ზღვაში დაინთქა.

ამჟამად ტონის-ჰერაკლიონი აბუკირის ყურეში, ნაპირიდან 2,5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ზღვის ფსკერზე, 10 მეტრის სიღრმეში. ქალაქის საძიებო არქეოლოგიური სამუშაოები 2000 წლიდან დაიწყო და ბოლო წლების განმავლობაში მოპოვებული მასალების საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს აღედგინათ სურათი – როგორ ცხოვრობდა ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ქალაქი ფარაონთა ეპოქაში. მკვლევარებმა ზღვის ფსკერზე, თიხისა და ქვიშის სქელი ფენის მიღმა ათეულობით გემის სასაფლაო, ოქროს მონეტები, ბრინჯაოს სასწორები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ამ ქალაქში ვაჭრობა დუღდა. ქალაქის ნანგრევების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული.

ნახეთ ვიდეო, როგორ აღმოაჩინეს ძველეგვიპტური ხომალდი „ბარისი“.

კომენტარები