ფსიქოლოგიარჩევები

ემოციური სიცარიელე – რა უნდა გააკეთოთ, თუ ცხოვრების ხალისი დაკარგეთ

თუ ემოციურ სიცარიელეს გრძნობთ და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემის ფონზე მოტივაციაც აღარ გაქვთ, ეს შესაძლოა შფოთვის ან დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ ადამიანი არ არის მზად, ნეგატიურ ემოციებს გაუმკლავდეს.

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ტკივილსა და იმედგაცრუებას ვგრძნობთ. ასეთ დროს ხელის ჩაქნევა და დანებება ძალიან მარტივია, თუმცა სპეციალისტების მთავარი რჩევაა, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. მიუხედავად ყველა ტკივილისა, უკეთესი დღეებიც აუცილებლად მოვა და ის, რაც დღეს გადაულახავ საკითხად გვეჩვენება, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა აზრს დაკარგავს.

იმისათვის, რომ პრობლემასთან ბრძოლა შევძლოთ, ემოციური სიცარიელის ნიშნები უნდა ვიცოდეთ. როგორც წესი, ეს ადამიანებში შემდეგი მახასიათებლებითაა გამოხატული:

  • ყველაფრის მიმართ გულგრილობა და სიზარმაცე;
  • არასრულფასოვნების განცდა, კომპლექსები გარეგნობის ან სტატუსის შესახებ;
  • ურთიერთობების შიში;
  • არაადეკვატური მიზნები, რომელთა მიღწევა ობიექტურად შეუძლებელია;
  • უმწეობისა და უაზრობის განცდა.
ფსიქოლოგების თქმით, თუ ეს მდგომარეობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, შესაძლოა, სახიფათო გახდეს. პირველ რიგში, გამოიწვიოს დეპრესია, საკუთარ თავში ჩაკეტვა, ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება.

ამიტომაც, თუ ახლა გრძნობთ, რომ ემოციურად დაცლილი ხართ და მოტივაცია დაკარგეთ, ეს პრობლემა რამდენიმე ნაბიჯით შეგიძლიათ, დაძლიოთ:

1. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს ან მათ, ვისაც ენდობით. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, პარტნიორი, ნათესავები, ფსიქოლოგი. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

2. იპოვეთ თქვენი ინტერესები – შესაძლოა, დიდი ხანია, მოტოციკლის ტარება, ტორტის დამოუკიდებლად გამოცხობა ან კრივის სწავლა გინდოდათ. სწორედ ახლაა დრო, რომ თქვენი ოცნებები ისევ გააცოცხლოთ და აიხდინოთ. სქემა – სამსახური-სახლი-სამსახური-სახლი – იშვიათად აბედნიერებს ადამიანებს.

3. ჩაერთეთ თვითგანვითარებაში – ადამიანს ყოველთვის შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე ფიქრობს. სიცარიელესთან ბრძოლაში დროა, საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნოთ. დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და ნელ-ნელა მიაღწიეთ. ნახავთ, რომ ასე თქვენი ცხოვრება ყოველდღიურად უმჯობესდება.

4. მიეცით საკუთარ თავს ემოციების გამოხატვის უფლება – წადით კონცერტზე, ისწავლეთ ველოსიპედის ტარება, გაბედეთ ის, რაც სულ გინდოდათ, რომ გეცადათ და იცინეთ გულიანად.

5. შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში ახალი გრძნობები – ის, რომ ადამიანი მოგწონთ, სრულიად ბუნებრივია. ნუ ეცდებით და ურთიერთობას თქვენივე ნებით ნუ დაბლოკავთ, ხომ შესაძლებელია, სასიამოვნო ემოცია და ბევრი თავგადასავალი მიიღოთ.

beaumonde.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close