fbpx
დღის თემასაზოგადოებასაქართველო

დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, უცხოეთში მყოფ ქართველებს მიეცეთ საშუალება, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა

დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად უფრო მჭიდროა დღეს, იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული იქნება ქვეყანასთან. დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.

პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფ ქართველებს დიასპორის დღე და ასევე დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ახსენეს ჩემი და დიასპორის ურთიერთობა. ზოგჯერ არ ვიცი, მათ ვეკუთვნი, თუ აქ ვარ. მინდა, პირველ რიგში, მივმართო მათ და მივულოცო დღევანდელი დღე. მივულოცო გუშინდელი დღეც, რამეთუ 26 მაისი დიასპორისთვის შეიძლება, ერთგვარად კიდევ უფრო სასიხარულო, მაგრამ ასევე მტკივნეულიც იყოს, როცა არ ხარ შენს ქვეყანაში და გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ბრუნდები.

დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად უფრო მჭიდროა დღეს, იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული იქნება ქვეყანასთან. დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში, პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ასეთი დიასპორა გვყოლოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ფაქტია, გვყავს. უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი არიან მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის გამადიდებელნი ​და წარმომადგენლები. მაგრამ ამისთვის ერთ რამ არის ყველაზე მთავარი, ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორასა და ქვეყანას შორის, არ იყოს გაწყვეტილი და იყოს რაც შეიძლება მეტად გაძლიერებული. ამას სჭირდება ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი რამ. პირველ რიში, ის, რაც დაწყებულია და ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია, ორმაგი მოქალაქეობა კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან, რათა სწრაფად მივაღწიოთ იმას, რომ შეფერხებები, რომელიც არსებობს ამ გზაზე, მაქსიმალურად შემცირდეს, რამეთუ ქვეყნის ინტერესია, დიასპორის იმ წევრებმა, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, შეძლონ შვილებისთვის ამის მიღწევა რაც შეიძლება ადვილად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საჭიროა დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკაში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი.

„მეორე, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ეს კავშირი იყოს ცოცხალი, არის მათი ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეში, ანუ პოლიტიკაში. ამას სჭირდება ერთ რამ, რომ შეძლონ, წარმოდგენილი იყონ პარლამენტში. მე არაერთხელ, შარშანაც ვახსენე ეს ინიციატივა, მართალია, მე არ მეკუთვნის, ეს თქვენს ხელშია, პარტიებისა და პარლამენტის ხელში, მაგრამ აუცილებელია, როგორც ყველა ის სხვა დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა, მოვაგვაროთ ეს საკითხი, რათა დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი ინტერესების წარმომადგენლები. ჩვენ რადგან გადავდივართ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ეს ვერ მოხდება მაჟორიტარობის ფორმით, მაგრამ შეიძლება, მოხდეს კვოტების ფორმით, რომ ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, თავის სიაში იყოს დიასპორის წარმომადგენელი. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ დიასპორას ეცოდინება მისი ქვეყნის ხედვა. თქვენ ახსენეთ, რომ ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ეს შეიძლება, კარგად გამოგვადგეს, ეს არის ერთი ფორმა მათი დაკავშირების“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა.

„მესამე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის არჩევნებში მათი მონაწილეობა. სადამდე უნდა იყოს, რომ უცხოეთში ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი და არჩევნებში მონაწილეობდეს დაახლოებით ათასობით ადამიანი. დღეს არსებობს ელექტრონული ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოვცადეთ და ალბათ დრო არის, გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე, რათა უცხოეთში მყოფ ქართველებს მივცეთ საშუალება, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა. თან როდესაც არ ცხოვრობ ისე ახლოს რომელიმე ქვეყნის დედაქალაქთან, ალბათ უფრო სხვა საკითხებზე ფიქრობ და ეს პოლარიზაციას ქვემოთ დასწევდა. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო ჩართული. ერთი არის დიასპორის სახლი, რომელიც შეიძლება, იყოს ვირტუალური სახლი. არ არის აუცილებელი, შენობა იყოს, მაგრამ იყოს ვირტუალური დიასპორის სახლი საქართველოში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რომელიც დაისმებოდა დიასპორაში. უცხოეთში როდესაც ვხვდები დიასპორის წარმომადგენლებს, მოდის მათგან ინიციატივები, რომ მზად ვართ მასტერკლასები ჩავატაროთ ზაფხულში, ჩავერთოთ სხვადასხვა მიმართულებით რეგიონებში, მაგრამ შემდეგ ამის ამოქმედება აქედან საკმაოდ რთულია, რადგან ამას არ აქვს თავისი პროცედურები. დიასპორის სახლი კი, სწორედ ამაზე იქნება მიმართული და პასუხისმგებელი, რომ ინიციატივები უპასუხოდ არ დარჩეს.

მათი ეკონომიკური ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვყავს ისეთი მდიდარი დიასპორა, როგორც სხვა ქვეყნებს, მაგრამ ადამიანები, დიასპორის წევრები, რომლებიც არიან ცოტა შეძლებული, წელში გამართული და შეუძლიათ რაღაცის გაკეთება, უნდათ არა მხოლოდ ქველმოქმედება, არამედ ქვეყნის განვითარებაში ჩართვა, ინვესტიციების ჩადება, არა მილიონების, არამედ რომელიმე პროექტის განვითარების მონაწილე იყვნენ. აქაც საჭიროა, პროექტები იმ ფორმით იყოს მზად და მიწოდებული, რომ ადვილი იყოს, ჩადო შენი წვლილი და მიიღო მონაწილეობა. ამით გახდე ამ ქვეყნის ნამდვილი ნაწილი, შეიტანო წვლილი და იგრძნო, რომ თუნდაც სხვაგან ცხოვრობდე, მაინც ხარ ამ ქვეყნის მკვიდრი, ნაწილი. ჩვენ ვართ მდიდარი ამ დიასპორით და გავმდიდრდეთ მათთან ურთიერთობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close