მედიცინასაზოგადოება

მსოფლიოს 11 ქვეყანაში ბავშვებში გაურკვეველი სახის ჰეპატიტი ვრცელდება – რა უნდა ვიცოდეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო კვირებში მსოფლიოს 11 ქვეყანაში დაახლოებით 170 ბავშვში გამოავლინეს ჰეპატიტის უცნობი, მწვავე შტამი; გარდაიცვალა სულ მცირე ერთი ბავშვი.

წარმოგიდგენთ, რაც ამჟამად ამ შტამის შესახებ არის ცნობილი.

სად დაფიქსირდა?

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მეერა ჩანდის განცხადებით, პირველი შემთხვევა 31 მარტს, კლინიცისტმა ექიმებმა შოტლანდიაში დააფიქსირეს, როდესაც მიხვდნენ, რომ მათ წინაშე რაღაც უჩვეულო იყო.

როგორც ჩანდმა ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა ევროპულ კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, ბავშვებს ჰეპატიტის ხუთი ცნობილი ვირუსის არც ერთი არ ჰქონდათ, არც A, B, C, D და არც E.

მისი თქმით, ასეთი შემთხვევები უიშვიათესია, რადგან როგორც წესი, შოტლანდიელი ექიმები უცნობი ჰეპატიტის ოთხ ან ხუთ შემთხვევას ხედავენ წელიწადში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, გაერთიანებულ სამეფოში უკვე ფიქსირდება ჯამში 114 შემთხვევა.

შემდეგ მოდის ესპანეთი 13 შემთხვევით, ისრაელი 12 შემთხვევით და აშშ 9 შემთხვევით; უფრო ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, რუმინეთსა და ბელგიაში.

ვინ დაინფიცირდა?

გამოუცნობი დაავადება ერთი თვიდან 16 წლის ასაკამდე ბავშვებში დაფიქსირდა, მაგრამ შემთხვევათა უმეტესობა 10 წელზე ქვემოთ ასაკში იყო, უმეტესობა კი 5 წელს ქვემოთ. მათი უმრავლესობა იქამდე ჯანმრთელი იყო.

ვიდრე ბავშვებს მწვავე ჰეპატიტის ნიშნები გამოუვლინდებოდათ, აღენიშნებოდათ სიმპტომები, რომელთა შორის იყო სიყვითლე, დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.

ღვიძლის კვლევის ევროპული ასოციაციის თავმჯდომარე, პათოლოგისტი მარია ბუტი აღნიშნავს, რომ შეშფოთების მთავარ საგანს შტამის სიმწვავე წარმოადგენს.

მისი თქმით, 70 ბავშვს, ანუ 169 ცნობილი შემთხვევის 10 პროცენტს აღენიშნება იმდენად მწვავე ჰეპატიტი, რომ საჭიროებენ ღვიძლის გადანერგვას.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ანტიმიკრობული რეზისტენტულობის ექსპერტის, აიკატერინი მუგკუს განცხადებით, შემთხვევები „ნამდვილად შემაშფოთებელია“.

მისი განცხადებით, უცნობია, არის თუ არა მსუბუქი შემთხვევები უფრო მეტ ბავშვში, რადგან მათი სიმპტომები მიუკვლეველია.

„ვინაიდან არ ვიცით მიზეზი, არც გადადების გზა და მისი პრევენცია ან მკურნალობა ვიცით“, — ამბობს მუგკუ.

რა გამოირიცხა?

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა და, ძირითადად, იშვიათია ჯანმრთელ ბავშვებში.

ექსპერტთა განცხადებით, ბავშვებს ერთმანეთთან რაიმე კავშირი არ აქვთ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამორიცხავს საერთაშორისო მოგზაურობას, როგორც ფაქტორს.

ჩანდის განცხადებით, არ ფიქსირდება კავშირი პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებასთან, რასაც ღვიძლის უკმარისობის გამოწვევა შეუძლია.

ასევე გამოირიცხა რაიმე კავშირი კოვიდის ვაქცინებთან, რადგან ამ ბავშვების უმეტესობა არავაქცინირებულია.

რა არის წამყვანი თეორია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 74 შემთხვევაში დაფიქსირდა ადენოვირუსები — ჩვეულებრივი ვირუსები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მაგალითად, გაციებას, ბრონქიტსა და დიარეას, მაგრამ, როგორც წესი, არ განაპირობებს მწვავე დაავადებებს.

ჩანდის განცხადებით, ბრიტანეთში დაფიქსირებულ შემთხვევათა 75 პროცენტში დაფიქსირდა ადენოვირუსიც.

მისი თქმით, ამჟამად წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს უნდა იყოს ნორმალური ადენოვირუსისა და სხვა რაღაც ფაქტორის კომბინაცია, რამაც მდგომარეობა უფრო გაამწვავა.

ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, ბავშვებს, რომლებმაც გასული ორი წელი, „ჩამოყალიბების ეტაპები“ კოვიდშეზღუდვების პირობებში გაატარეს, მაგალითად, ლოკდაუნებსა და ნიღბების ტარებაში, ამ ადენოვირუსებისადმი იმუნიტეტი ვერ ჩამოუყალიბდათ.

გაერთიანებულ სამეფოში ადენოვირუსების მაჩვენებელი პანდემიის ადრეულ ეტაპზე დაეცა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნისთანავე დაუბრუნდა იქამდე არსებულ დონეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ადენოვირუსის შემთხვევათა „მოულოდნელი ზრდა“ ბოლო დროს სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც დაფიქსირდა, მათ შორის, ირლანდიასა და ნიდერლანდებში.

როგორც ჩანდი აღნიშნავს, უცნობი შტამის სხვა შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ადენოვირუსისა და კოვიდის კომბინაცია, ანდაც დაკავშირებული იყოს კოვიდის უკვე გადატანილ ინფექციასთან.

169 აღრიცხული შემთხვევიდან 19-ს კოვიდიც დაუფიქსირდა და ადენოვირუსიც, ოცს კი მხოლოდ კოვიდი.

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ მიმდინარე კვლევებს ბევრი დრო სჭირდება, მაგრამ გარკვეული შედეგები უკვე ერთ თვეში იქნება.

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ?

ბუტის განცხადებით, ვინაიდან ადენოვირუსი ინფექციური დაავადებაა, კოვიდის საწინააღმდეგო ზომები მის წინააღმდეგაც კარგად მოქმედებს, განსაკუთრებით ხელების რეგულარული დაბანა ბავშვებში.

ის ექიმებს ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღება მიაქციონ სიყვითლის ნიშნებს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

ავტორი –  მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close