კრიმინალისაქართველო

გორში 18 წლის წინათ დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

გორში 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის, ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია თავად 18 წლის წინ დაკარგული მოზარდის ახლობლებმა გაავრცელეს. ბავშვის ცხედარს ოჯახი მთელი ამ წლების განმავლობაში გორის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა.

ცხედარი ე. წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარე ლიახვის პირას აღმოაჩინეს და სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს, ოჯახის წევრებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მოზარდის ამოცნობა ტანსაცმლის მეშვეობით შეძლეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოჯახის ახლობელმა, რომელმაც მისი სახელის და გვარის დასახელება არ ისურვა, უთხრათ, რომ ტანსაცმელი, რომელიც ზაქროს დაკარგვის დღეს ეცვა, კარგად არის შენარჩუნებული.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, დაკარგული მოზარდის ნათესავები ციხეში იაგო ნებიერიძეს დედის მეშვეობით დაუკავშირდნენ, პატიმარმა ნეშტის ადგილსამყოფელი დაასახელა.

„მშობლების და ჩვენი თანხმობით ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ცხედარი გვეპოვა. პატიმრის მოთხოვნა იყო, რომ ეთქვა ამ საფლავის ადგილსამყოფელი. ამბობს, რომ თვითონ დაუნახია, მაგრამ მოვტყუვდიო, რომ მაშინვე არ ვთქვიო და რახან მაშინვე არ ვთქვი, მერე აღარ ვამბობდიო. ახლა მისი ნებით თქვა ეს ყველაფერი. რომ შეატყო, რომ ამ საქმესაც მას აბრალებდნენ და ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარო და მე რატომ უნდა მიმეწერა ეგ საქმეო და ავდექიო და ვთქვიო, რომ ოჯახს ცხედარი ეპოვა და ბავშვს საფლავი ჰქონოდაო“, – ამბობს იაგო ნებიერიძის დედა ნუნუ გრიგალაშვილი.

დაკარგული მოზარდის ოჯახმა პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა. სამართალდამცველები 10 აპრილის დილის 6 საათისთვის უკვე მითითებულ ტერიტორიაზე იყვნენ. მათ ნეშტი მალე იპოვეს.

როგორც ცნობილია, ოჯახი ბავშვის მკვლელობაში იაგო ნებიერიძეს ადანაშაულებს, რომელსაც 2018 წელს ჩადენილიკიდევ ერთი  სასტიკი დანაშაულისთვის – ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ 2019 წელს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე იაგო ნებიერიძე დააკავეს, 2018 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში 11 წლის ბიჭის ცხედარს პოლიცია გორის ცენტრალურ პარკში ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. მედია ვარაუდობდა, რომ ამ ადგილზე მოზარდის გატაცების საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა იაგო ნებიერიძემ მიუთითა, რომელიც ამბობდა, რომ ზაქროს ცხედრის ადგილსამოყოფელი იცის.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძე ბერძნიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ისინიც ენდობოდნენ. ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ნებიერიძემ ოჯახს წერილი მისწერა და გამოსასყიდად 20 ათასი დოლარი მოითხოვა.

მტკიცებულებების არარსებობის გამო მაშინ იაგო ნებიერიძეს გატაცების ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

სავარაუდოა, რომ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იგი ისევ წარდგება სასამართლოს წინაშე ახალი ბრალდებით.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close