იტალიაპოლიტიკა

ბერლუსკონი პუტინს მკაცრად აკრიტიკებს: „ღრმად იმედგაცრუებული ვარ“ (ვიდეო)

პუტინის გადაწყვეტილებამ ევროპასთან დაახლოების ნაცვლად რუსეთი „ჩინეთის მკლავებში მოაქცია“

თვეზე მეტხანს ჩუმად ყოფნის შემდეგ იტალიის ექსპრემიერმა და ვლადიმირ პუტინის მეგობარმა, სილვიო ბერლუსკონიმ საჯაროდ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტზე უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ომის დანაშაულების გამო. 

„პუტინი 20 წლის წინათ გავიცანი. იგი ყოველთვის მიმაჩნდა ძალიან საღი აზრის მქონე, დემოკრატიის და მშვიდობის მომხრედ, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა…“

ბერლუსკონის თქმით, პუტინის გადაწყვეტილებამ ევროპასთან დაახლოების ნაცვლად რუსეთი „ჩინეთის მკლავებში მოაქცია“.

„დღეს რუსეთის უპრეცედენტო აგრესიას შევეჯახეთ ისეთი ნეიტრალური ქვეყნის მიმართ, როგორიც უკრაინაა, რომელიც მამაცურად და მტკიცედ იბრძვის საკუთარი თავისუფლებისათვის. იმის ნაცვლად, რომ ევროპას დაახლოებოდა, აგრესიის შედეგად რუსეთი ჩინეთის მკლავებში აღმოჩნდა… ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია!“ – დანანებით ამბობს ბერლუსკონი.

„არ შემიძლია და არც მინდა დავფარო, რომ ღრმად იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ ვლადიმირ პუტინის ქმედებებით, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სერიოზული პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩვენ უყოყმანოდ დავიკავეთ მხარე: Forza Italia-მ თავისი დამოკიდებულება გამოხატა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ევროპის პარლამენტის მიერ პირველ მარტს გამართულ რიგგარეშე სესიაზე მიღებულ ძალიან მკაცრ რეზოლუციაში, რომელსაც უყოყმანოდ მივეცი ხმა. პოზიციას მრავალჯერ დაუჭირეს მხარი შემდგომშიც ანტონიო ტაიანიმ და ჩვენმა ჯგუფებმა პარლამენტში. ეს არის ჩვენი სრული მხარდაჭერა, გამონაკლისის გარეშე, ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ვეკუთვნით“.

ბუჩა, რუსეთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას

ბუჩის ხოცვა-ჟლეტის დასაგმობად  ნახევარი ტერმინებიც კი არ არის გამოყენებული.  „მინდა ვთქვა უფრო მეტიც: ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვის, ნამდვილი ომის დანაშაულების წინაშე, რუსეთს არ შეუძლია თავისი პასუხისმგებლობა უარყოს. პირიქით, მის ინტერესებშია, რომ სასამართლოს გადასცეს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე, რომლებსაც კანონი და მორალი მიუღებლად თვლის ომის დროსაც კი“, – აცხადებს Forza Italia-ს ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონი დადებითად აფასებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას 2014 წელს, იგი 2015 წელს ინტერვიუში ამბობდა, რომ პუტინი „სხვების პატივისმცემელი, ლიბერალი და დემოკრატი“ ადამიანია. „მას 15 წელზე მეტია ვიცნობ, თითქმის ჩემს უმცროს ძმად მივიჩნევ. დიდი გულითადობა და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს მასთან და დღეს ის უდავოდ ნომერ პირველია მსოფლიოს ლიდერებს შორის“, – აცხადებდა მაშინ იტალიის ექსპრემიერი.

დღეს კი სილვიო ბერლუსკონი ამბობს, რომ „ღრმად იმედგაცრუებულია“ პუტინისგან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close