მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს – ვის აქვს გამარჯვების შანსი?

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის 70 000-მდე საარჩევნო უბანი დილის 8  საათზე გაიხსნა და, ძირითადად, 19:00 სთ-ზე დაიხურება, დიდი ქალაქების გარდა, როგორიცაა: პარიზი, ლიონი, მარსელი, ნიცა და ტულუზა, სადაც ამომრჩეველს 20:00 საათამდე აქვს ხმის მიცემის უფლება.

საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად 12 კანდიდატი იბრძვის. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების შანსი აქვთ მოქმედ, 25-ე პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს და მემარცხენე ჟან-ლიუკ მელანშონს.

საფრანგეთის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საარჩევნო ურნებთან მისული ამომრჩევლების ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას (სულ ცოტა, 50%-ს + 1 ხმა), 24 აპრილს მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

დარეგისტრირებულია 49 მილიონამდე ამომრჩეველი, თუმცა მედიის ინფორმაციით, აქტივობა ჯერჯერობით უფრო დაბალია, ვიდრე 2017 წელს. 12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 25,48% მივიდა (2017 წელს – 28,54%). მთლიანობაში, 2017 წელს ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურში 78,69% იყო.

ემანუელ მაკრონს სურს, მიაღწიოს იმას, რაც ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჟაკ შირაკის შემდეგ, რომელიც 2002 წელს მეორე ვადით აირჩიეს (2007 წლამდე) – მაკრონიც მეორე ვადით აპირებს პრეზიდენტობას. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თითქოს ეს საკითხი გადაწყვეტილიც ჩანდა – ფრანგები საკუთარი პრეზიდენტის გარშემო გაერთიანდნენ და მისი რეიტინგი 33%-მდე გაიზარდა, ხოლო მეტოქეები ძალიან უკან დარჩნენ, თუმცა ბოლო დღეებში სურათი შეიცვალა: მაკრონის რეიტინგი 28%-მდე შემცირდა, მისი მეტოქის, მარინ ლე პენის კი – 23%-მდე გაიზარდა.

მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულ გაერთიანებას“ 2018 წლის პირველ ივნისამდე „ნაციონალური ფრონტი“ ერქვა – ეს პარტია მარინ ლე პენის მამამ, ჟან-მარი ლე პენმა დააარსა, რომელიც ნაციონალისტური შეხედულებებით იყო ცნობილი (იგი ამჟამად 94 წლისაა).

მარინ ლე პენმა დიდი ძალისხმევა გასწია, რომ მისი პარტიის რადიკალური მემარჯვენე იმიჯი შეეცვალა და საკუთარი მამის „ცუდი მემკვიდრეობისგან“ გათავისუფლებულიყო. დღეს იგი აღარ გამოდის ერთიანი ვალუტის – ევროს წინააღმდეგ და ევროკავშირიდან საფრანგეთის გამოსვლის მოწოდებით. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მის მეგობრობას, რომელმაც მას ფულიც კი ათხოვა 2017 წელს  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის, მარინ ლე პენმა მოახერხა ამ „შლეიფის“ მოშორება – მან უბრალოდ შეცვალა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს მისმა ამომრჩეველმაც უშფოთველად მიიღო.

მარინ ლე პენის რეიტინგზე იმანაც იმუშავა, რომ მან მაკრონისგან განსხვავებით შეძლო წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება მანამ, სანამ ეს უკანასკნელი პუტინთან სატელეფონო ზარებით იყო დაკავებული – მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, მაკრონმა ლამის 20-ჯერ დაურეკა ვლადიმირ პუტინს, თუმცა რაიმე ხელშესახები წარმატება მის სატელეფონო ზარებს არ მოჰყოლია, მათ შორის, არც მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით. მაკრონის მისამართით ამ თემაზე ხუმრობენ კიდეც, რომ იგი ავტოტრენინგს ეწევა.

მარინ ლე პენმა კი არჩევნების წინ ქვეყნის პროვინციები მოიარა და უშუალოდ ურთიერთობდა საფრანგეთის მაცხოვრებლებთან. შედეგმაც არ დააყოვნა – ბოლო გამოკითხვის თანახმად, ფრანგების 51% მას საფრთხედ აღარ მიიჩნევს. 2017 წელს სატელევიზიო ინტერვიუში ლე პენმა თქვა: „დიდი პოლიტიკური მიმართულებები, რომლებსაც მე ვიცავ – ეს არის ტრამპის და პუტინის მიმართულებები“, თუმცა ეს ინტერვიუ, როგორც ჩანს, დაივიწყეს. 2022 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მარინ ლე პენი ფრანგების მსყიდველუნარიანობაზე აკეთებდა აქცენტს, ბაზრებში ხელს ართმევდა ასობით ადამიანს და ფრანგებს არწმუნებდა, რომ ენერგომატარებლებზე ფასებს შეზღუდავს და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, რომელმაც საფრანგეთში 4,5%-ს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ საერთოევროპულ მაჩვენებლებზე დაბალია, ფრანგებს ძალიან აშფოთებთ და მაკრონის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ასე რომ, ემანუელ მაკრონს მოუწევს მთელი ძალების და ამომრჩევლების მობილიზება, რომ მეორე ვადით გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტი.

დიდი ალბათობით, საფრანგეთის პრეზიდენტის ვინაობა, ისევე როგორ წინა არჩევნებში, ახლაც მეორე ტურში გაირკვევა. 2017 წლის არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა 23,86% დააგროვა. მეორე ტურში მისი მოწინააღმდეგე იყო მარინ ლე პენი, რომელსაც მაკრონმა დამაჯერებლად მოუგო – 66,1%-ით და საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა 39 წლის ასაკში.

ნიკო აბაშიშვილი

ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგი ასეთია:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close