თვალის მარტივი კვლევით ალცჰაიმერის დაავადების რისკის დადგენა უკვე საშუალო ასაკში შეიძლება
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის თვალების ჯანმრთელობის და მხედველობის მარტივი შემოწმებით შესაძლებელია ალცჰაიმერით დაავადების ყველაზე ადრეული სტადიების გამოვლენა უკვე 45 წლის ასაკში, როდესაც ამ დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. ეს კი სპეციალისტებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შენელების შესაძლებლობას მისცემს.
ოტაგოს უნივერსიტეტის (The University of Otago, დანიდინი, ახალი ზელანდია) მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის ანგარიში ჟურნალ JAMA Ophthalmology-ში გამოქვეყნდა, 45 წლის ასაკის 865 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.
მკვლევრებმა შეისწავლეს მათი თვალის ბადურას ნერვული ბოჭკოების ფენა (RNFL) და განგლიოზური უჯრედების ფენა (GCL) და აღმოაჩინეს, რომ უფრო სქელი RNFL და GCL საშუალო ასაკში დაკავშირებულია საუკეთესო კოგნიტიურ უნარებთან ბავშვობასა და მოზრდილ ასაკში, უფრო თხელი RNFL კი უკავშირდება ინფორმაციის დამუშავების სიჩქარის სწრაფ დაქვეითებას ბავშვობიდან მოზრდილ ასაკამდე.
„ეს შედეგები აჩვენებს, რომ RNFL შესაძლოა ტვინის საერთო მდგომარეობის ინდიკატორი იყოს. ეს კი კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითების დიაგნოსტირებაში ოპტიკური სკანირების პოტენციალს უსვამს ხაზს“, – აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ეშლი ბარეტ-იანგი.
მისი თქმით, ხანდაზმული ასაკის დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი, დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორს წასულია და უკვე გამოვლენილია სიმპტომები – ადამიანებს რაღაცები ავიწყდებათ ან ქცევა შეეცვალათ.
„დაავადების ადრეული აღმოჩენა შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ან ტვინის ვიზუალიზაციის სხვა მეთოდებით, თუმცა ამ მეთოდების უმეტესობა ძვირია და მიზანშეწონილიც არ არის.
არსებობს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შეძლებს გადაიღოს ადამიანის თვალის ბადურას სურათი და განსაზღვროს, დგას თუ არა ეს ადამიანი ალცჰაიმერის დაავადების რისკის წინაშე დიდი ხნით ადრე მანამ, სანამ მას სიმპტომები გამოუვლინდება და მაშინ გაჩნდება მკურნალობის შესაძლებლობა შედეგების შესამსუბუქებლად“, – იმედოვნებს დოქტორი ბარეტ-იანგი.
თამარ ქავჟარაძე
მსგავს თემაზე: გარკვეულ პოზიციაში ძილი ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს – კვლევა
კომენტარები