მსოფლიოქართველები უცხოეთში

თინა კანდელაკი ტელეარხ ТНТ-ს გენერალური დირექტორი გახდა

ტელეწამყვანი და ჰოლდინგ „გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ტელეარხის, ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ჰოლდინგ „გაზპრომ-მედიას“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ჟაროვმა აღნიშნა, რომ „ტეენტეს“ წინაშე ამბიციური ამოცანები დგას როგორც ტელეეთერის, ისე ციფრული გარემოს სფეროში. მისი თქმით, თინა კანდელაკს ყველა კომპეტენცია და გამოცდილება აქვს, რომ არხის წინაშე მდგარ მიზნებს მიაღწიოს.

თავად თინა კანდელაკი კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას „დიდ პასუხისმგებლობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყნის მთავარი გასართობი არხის მემკვიდრეობას განამტკიცებს“.

„მადლობა ყველას გულწრფელი მილოცვისთვის! ტელეარხ ТНТ-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დიდი პასუხისმგებლობაა. მადლობა ჰოლდინგს და ა. ა. ჟაროვს ნდობისთვის, რომან პეტრენკოს მხარდაჭერისთვის, ТНТ-ს გუნდს და ყველას, ვისთანაც თვეზე მეტია ვმუშაობ. …სამუშაო ბევრია. ასე რომ, გვიყურეთ @tnt_online-ზე და არ გადართოთ“, – წერს სოციალურ ქსელში თინა კანდელაკი.

3 თებერვალს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თინა კანდელაკს კოლეგამ – ქსენია სობჩაკმა მიულოცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი წყაროდან შეიტყო კანდელაკის ახალი თანამდებობის შესახებ.

2021 წლის სექტემბერში თინა კანდელაკმა სპორტული ტელეარხის, «Матч ТВ»-ს გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დატოვა, რომელსაც არხის დაარსებიდან, 2015 წლიდან იკავებდა და „გაზპრომ-მედიას“ გენდირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close