იტალიაპოლიტიკა

იტალიის პრეზიდენტად ისევ სერჯო მატარელა აირჩიეს

კენჭისყრის მე-8 რაუნდზე იტალიის პრეზიდენტად ისევ 80 წლის სერჯო მატარელა აირჩიეს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ეახლა კვირინალეს სასახლეში სერჯო მატარელას და დაითანხმა, რომ მეორე ვადით გამხდარიყო პრეზიდენტი. მანამდე იგი აცხადებდა, რომ მეორე ვადით ამ პოსტის დაკავებას არ აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ მატარელამ კენჭისყრაზე 759 ხმა მიიღო (საკმარისი იყო 505) და  მიღებული ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა მთელი ისტორიის მანძილზე ყველა პრეზიდენტს შორის სანდრო პერტინის შემდეგ, რომელიც 823 ხმით გახდა სახელმწიფოს მეთაური. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 31 იანვარს, პირველი ვადით არჩევისას მატარელამ 665 ხმა მიიღო.

მის კანდიდატურას საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ჯორჯა მელონის „იტალიის ძმებმა“ არ დაუჭირა მხარი.

როგორც „ლა რეპუბლიკა“ იუწყება, მატარელამ უკვე იქირავა სახლი რომში, პინჩანოს რაიონში, სადაც კვირინალეს სასახლიდან წასვლის შემდეგ უნდა დაბინავებულიყო, თუმცა ახლა მას ისევ კვირინალეს სასახლეში დაბრუნება მოუწევს 7 წლით – სწორედ ამ ვადით გაგრძელდება კიდევ მისი უფლებამოსილების ვადა, რომელიც 3 თებერვალს იწურებოდა.

სერჯო მატარელას არჩევას „იტალიელებისთვის შესანიშნავი ამბავი“ უწოდა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, რომელმაც პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა „პარლამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის“.

Financial Times-ის ცნობით, მატარელას მეორე ვადით არჩევამ „ბოლო მოუღო ერთკვირიან ჩიხს და უზრუნველყო დრაგის მთავრობის გადარჩენა“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close