კრიმინალიკულტურა

საუკუნის ქურდობა: დრეზდენის საგანძურის გაძარცვის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

სად არის მოპარული ძვირფასეულობა?

დრეზდენში დაიწყო სასამართლო პროცესი ანტიკვარული სამკაულების კოლექციიდან „მწვანე თაღი“ (Grünes Gewölbe) საგანძურის უპრეცედენტო ქურდობის საქმეზე. დანაშაულში ბრალდებულია ექვსი პირი: 23-იდან 28 წლამდე ახალგაზრდები. პროკურატურის ცნობით, ყველა მათგანი ბერლინის ცნობილი კრიმინალური კლანის წევრია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

შეგახსენებთ, რომ უპრეცედენტო ქურდობა 2 წელზე მეტი ხნის წინათ, 2019 წლის 25 ნოემბერს მოხდა. დრეზდენის „მწვანე თაღის“ საგანძურიდან დაახლოებით მილიარდი ევროს ღირებულების ხელოვნების ნიმუშები და სამკაულები მოიპარეს. კრიმინალებმა ტრანსფორმატორს ცეცხლი წაუკიდეს, რის გამოც სიგნალიზაცია გამორთული იყო, შემდეგ კი ფანჯარაზე გისოსები გადახერხეს და საგანძურში შეაღწიეს. მათ ჩაქუჩებით ჩაამსხვრიეს ვიტრინები და მოიპარეს ალმასებით, ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი თვლებით შემკული ბაროკოს ტიპის ოქროს სამკაულები, რომელთა სადაზღვევო ღირებულება 113,8 მლნ ევროა.

ბრალდების მხარემ პარასკევს, 28 იანვარს განაცხადა, რომ დამნაშავეები შეიარაღებულები იყვნენ – მათ თან ჰქონდათ რევოლვერი და მაყუჩიანი პისტოლეტი. დანაშაული დიდი გულმოდგინებით დაიგეგმა. მძარცველებმა შეძლეს წინასწარ გადაეხერხათ ფანჯრის გისოსები და მოჭრილი სეგმენტები ისე დაემაგრებინათ წებოთი, რომ დაზიანება შეუმჩნეველი ყოფილიყო.  ამან ქურდობისას კრიმინალებს შენობაში შესვლა გაუადვილა და დროც მოაგებინა.

დრეზდენის მუზეუმის ცარიელი ვიტრინები, სადაც მოპარული ძვირფასეულობა უნდა იყოს განთავსებული

პროცესი, როგორც ვარაუდობენ, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. ძირითად საქმეზე დოკუმენტაცია უკვე 65 ტომს შეადგენს. პროცესში ჩართულია 14 ადვოკატი – დრეზდენიდან, ლაიფციგიდან, ბერლინიდან, ჰანოვერიდან და ჰამბურგიდან; პროკურატურის სამი წარმომადგენელი, არასრულწლოვანთა სასამართლოს წარმომადგენელი (ორი ბრალდებული ქურდობის დროს 20 წლის იყო) და ათობით მოწმე. კიდევ 40 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით, რომელთა შორის ოთხი – ხაზინის მცველია და ოთხი კიდევ – ბანდის შესაძლო თანამზრახველი, გამოძიება გრძელდება.

დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების კოლექციების (SKD) გენერალური დირექტორი მარიონ აკერმანი დარწმუნებულია, რომ ნაკლებად სავარაუდოა მოპარული ანტიკვარული სამკაულები, რომელთა ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდოს – ეს საქმე გახმაურებულია და პროცესის დაწყებისთანავე სამკაულები კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ახლა მთავარი კითხვაა – სად არის დრეზდენის საგანძური? ძვირფასეულობის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია. ხელოვნებათმცოდნე ული ზიგერსმა DW-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მძარცველებმა დრეზდენს და მთელ ხელოვნების სამყაროს მართლაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს. „იმის ალბათობა, რომ ეს ძვირფასეულობა რაღაც მომენტში კვლავ გამოჩნდება, ძალიან მცირეა“, – ასეთი პესიმისტური პასუხი გასცა მან კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოპარული საგანძურის პოვნა.

დრეზდენის „მწვანე თაღი“ (Grüne Gewölbe) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია გერმანიაში. მისი კოლექცია მე-18 საუკუნეში საქსონიის კურფიურსტმა ავგუსტ ძლიერმა შექმნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საგანძური დაბომბვებს გადაურჩა. ის სამხედრო ნადავლის სახით საბჭოთა კავშირმა წაიღო.

საგანძური დრეზდენში 1958 წელს დაბრუნდა.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: ნახევარი მილიონი ევრო დრეზდენის მუზეუმის მძარცველებზე ინფორმაციის სანაცვლოდ

დრეზდენის მუზეუმიდან მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

დრეზდენის მუზეუმის ძარცვის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close