იტალიაპოლიტიკა

მეხუთე დღეა, იტალია პრეზიდენტის არჩევას ვერ ახერხებს – რა შუაშია ჰარი პოტერი?

28 იანვარს 2 კენჭისყრა „შავი კვამლით“ დასრულდა

დეპუტატებმა, სენატორებმა და რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებმა პარასკევს, 28 იანვარს ისევ ვერ შეძლეს იტალიის პრეზიდენტის არჩევა მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ამისთვის აბსოლუტური უმრავლესობის (50%-ს +1 ანუ 505 წევრის) მხარდაჭერა იყო საკმარისი პირველი 3 ტურისგან განსხვავებით, როდესაც კანდიდატს 2/3-ის (672) მხარდაჭერა სჭირდებოდა გასამარჯვებლად.

საპარლამენტო ფრაქციებმა 28 იანვარს მიიღეს გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით აირჩიონ პრეზიდენტი და დღეში ორი კენჭისყრა ჩაატარონ (თუ საჭირო გახდა და პირველ კენჭისყრაზე არჩევა ვერ მოხერხდა), დილით და შემდეგ – 17:00 სთ-ზე.

28-ში დღის პირველ ნახევარში გამართულ კენჭისყრის მე-5 ტურში მემარჯვენე პარტიების მიერ წამოყენებულმა კანდიდატმა – პარლამენტის ზედა პალატის (სენატი) სპიკერმა ელიზაბეტ კაზელატიმ მხოლოდ 382 ამომრჩევლის ხმა მიიღო (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასამარჯვებლად 505 სჭირდებოდა). დემოკრატიულმა პარტიამ და „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ მას მხარი არ დაუჭირეს.

Ansa

დღის მეორე ნახევარში მე-6 კენჭისყრა გაიმართა, თუმცა მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან, მემარცხენე ლიბერალებმა კი ცარიელი ბიულეტენები მოათავსეს კალათებში. ამჯერად მოქმედმა პრეზიდენტმა – სერჯო მატარელამ მიიღო 336 ხმა, თუმცა მატარელა ამბობს, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობას არ აპირებს. 

„ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ პარასკევს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იტალიამ ქალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ელიზაბეტ კაზელატის გულისხმობდა თუ სხვა ვინმეს.

მანამდე სალვინიმ განაცხადა, რომ მემარჯვენე პარტიებმა ალბათ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე „ფეი მორგანის ან ჰარი პოტერის კანდიდატურა უნდა წამოაყენონ“, რომ მემარცხენე ლიბერალი დეპუტატები და სენატორები ბოლოს და ბოლოს დათანხმდნენ, ვინმეს მისცენ ხმა, – ასე ირონიულად გამოეხმაურა იგი დემოკრატიული  პარტიისა და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ უარს, ხმა მიეცათ მემარჯვენეების მიერ წამოყენებული კანდიდატის – სენატის სპიკერ ელიზაბეტ კაზელატისთვის.

მოქმედი პრეზიდენტის, 80 წლის სერჯო მატარელას 7-წლიანი უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს იწურება. ტელეკომპანია „რაიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 იანვარს სერჯო მატარელა რომში, კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში მიდის თავისი ნივთების წამოსაღებად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იგი მეორე ვადით პრეზიდენტობას არ აპირებს.

საინტერესოა, რამდენი ტური დასჭირდება იტალიის მე-13 პრეზიდენტის არჩევას? ყველაზე ხანგრძლივი „მარათონი“ 1971 წელს გაიმართა, როდესაც რესპუბლიკის პრეზიდენტის (ჯოვანი ლეონე) ასარჩევად კენჭისყრის 23 რაუნდი გახდა საჭირო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close