fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს ინფიცირებულებს სახლში უფასოდ მიუტანენ

საბერძნეთში მომავალი კვირიდან დაიწყება მოქალაქეებზე Covid-19-ის საწინააღმდეგო აბების (კომპანია Merck-ის მიერ შემუშავებული პრეპარატის – მოლნუპირავირის) უფასოდ გაცემა მათთვის სახლში მიტანით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მინა გაგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ადამიანებს, რომლებიც ექსპრეს ან პისიარ ტესტის დადებით პასუხს მიიღებენ, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ, EODY დაუკავშირდება პაციენტს და წამალს მას სახლში მიუტანენ“, – განაცხადა ქალბატონმა გაგამ.

აბების განაწილება შეეხება 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს (ფეხმძიმე ქალების გარდა), რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და კორონავირუსული ინფექციის გამო დაავადების გართულების რისკის ქვეშ დგანან.

„ცუდი ამინდის გამო სახლში იძულებით დიდი ხნით ყოფნა უახლოეს მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას გამოიწვევს“, – აღნიშნა პროფესორმა ვანა პაპაევანგელოუმ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ამ მომენტში 150 000 აქტიური შემთხვევაა. პროფესორმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ დომინანტია და ცოტა ხნის წინ ჰოსპიტალიზაციის ახალი შემთხვევების რაოდენობის 12%-ით შემცირება აღინიშნა: „გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოში 400-ზე ნაკლები პაციენტი მოათავსეს“.

მან აღნიშნა, რომ ინტუბირებული პაციენტების რაოდენობაც ცოტათი შემცირდა, მაშინ როდესაც  კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი დღეში 96-ს უდრის (27 იანვრის მაჩვენებლით კი ერთ დღეში 112 ადამიანი გარდაიცვალა). მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში „მძიმე მაჩვენებლები“ შემცირდება და დღეში 550-600 შემთხვევა იქნება. „კორონავირუსი დიდი ხნით მოვიდა, როგორც ჩანს, სტაბილიზაციის ფაზაში შევდივართ“, – განაცხადა მან.

„ომიკრონი არ არის ჩვეულებრივი გაციება“, – აღნიშნა ქალბატონმა პაპაევანგელოუმ, ხოლო ქალბატონი გაგა ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად გახდება ავად: „აუცრელი ადამიანები, რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია, ყოველდღიურად რისკის ქვეშ არიან“.

ფაქტი ის არის, რომ „ომიკრონის“ გამოც არის გარდაცვალების შემთხვევები, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია და მთავარი რეკომენდაცია ისევ ვაქცინაციაა.

ახლახან ევროპის წამლის რეგულირების სააგენტომ (ЕМА) მწვანე შუქი მისცა კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს. კვლევები უჩვენებს, რომ პაქსლოვიდი 90%-ით ამცირებს Covid-19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს.

რაც შეეხება მოლნუპირავირს, მას ევროპის წამლის სააგენტო მომავალ თვეში დაამტკიცებს. პრეპარატს საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია უკვე მიანიჭა აშშ-ის წამლის და საკვები პროდუქტების რეგულირების სააგენტომ – FDA-მ.

მოლნუპირავირი პირველმა ბრიტანეთის ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა გასული წლის ნოემბრის დასაწყისში. კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ კომპანია Merck-ის მიერ შექმნილი ამ პრეპარატის მიღება კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს საგრძნობლად ამცირებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close