მედიცინა

კოვიდსაწინააღმდეგო აბები – დამტკიცდა პირველი მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის რეგულატორმა დაამტკიცა მსოფლიოში პირველი მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს მიიღება.

მედიკამენტს მოლნუპირავირი ჰქვია. კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ მისი მიღება ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს საგრძნობლად ამცირებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

თავდაპირველად, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოლნუპირავირი აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ემორის უნივერსიტეტში შექმნეს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ხოლო როცა მსოფლიოს SARS-CoV-2-მა შემოუტია, კველევებით გაირკვა, რომ პრეპარატს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს COVID-19-თან ბრძოლაშიც.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, მოლნუპირავირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალებაა სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. წამლის დამტკიცებას მან დიდი ბრიტანეთისთვის „ისტორიული დღე“ უწოდა.

ირკვევა, რომ პრეპარატის მიღება დაავადების საწყის ეტაპზე უნდა დაიწყოს. მისი ამოცანაა, დაარღვიოს კორონავირუსის გენეტიკური კოდი და ასე შეუშალოს ხელი მას ადამიანის ორგანიზმში გავრცელებაში. პრეპარატი ერთ-ერთი ენზიმის წინააღმდეგ მოქმედებს, რომელსაც ვირუსი თვითგამრავლებისთვის იყენებს.

ბრიტანეთის წამლის რეგულირების სააგენტო  (MHRA) რეკომენდაციას იძლევა, მოლნუპირავირი გამოყენებულ იქნას იმ პაციენტებში, რომლებსაც საშუალო სიმძიმის და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ და, სულ ცოტა, ერთი რისკის ფაქტორი მაინც აქვთ, როგორიცაა, მაგ., თანმხლები მძიმე დაავადება, ჭარბი წონა, ხანდაზმული ასაკი, დიაბეტი ან გულთან დაკავშირებული პრობლემები.

პრეპარატის უპირატესობა ისიცაა, რომ ის აბების სახითაა და  მისი მიღება პაციენტს სამედიცინო დაწესებულების გარეთაც შეუძლია.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა მოლნუპირავირის 480 ათასი დოზა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

მოლნუპირავირი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია  Merck-მა შექმნა Ridgeback Biotherapeutics-თან თანამშრომლობით. ეს პირველი აბია მსოფლიოში, რომელიც კოვიდის სიმპტომატური მკურნალობისთვის დაამტკიცეს.

ნინო ხოშტარია

p. s. ინფორმაციას BBC ავრცელებს და სტატიას შენიშვნის სახით ურთავს გაფრთხილებას, რომ ეს სტატია საინფორმაციო ხასიათისაა და ვერ ცვლის პროფესიონალების სამედიცინო რჩევებს და ექიმის დახმარებას.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close