საზოგადოებასაქართველო

„მისი ოჯახი, ცოლ-შვილი იტალიაშია“ – 52 წლის დევნილი მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა

16 იანვარს თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“  მცხოვრები  დევნილი მამაკაცი, ზურაბ ჭიჭოშვილი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. სამწუხაროდ, იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა დევნილების პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით გადაწყვიტა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„როდესაც მინისტრი აცხადებს, რომ ჩემი ბიძის გარდაცვალება არის უბედური შემთხვევა და ბინების მიღებასთან კავშირში არ არის, ძალიან ცდება“, – განაცხადა მედიასთან გარდაცვლილი დევნილის ოჯახის წევრმა ზურაბ თურქიამ.

„განცხადებით მსურს მივმართო ჯანდაცვის მინისტრს. პირადად თქვენ გეუბნებით, არ გიცნობთ და არც მაინტერესებს, ვინც ხართ. ღამით, როდესაც პროტესტი გავმართეთ, რომ გამოსულიყავით ჩვენთან, შესაძლოა დღეს ჩემი ბიძა ცოცხალი ყოფილიყო. მისი ოჯახი, მეუღლე და შვილი იტალიაშია და თვითონ იმიტომ გადმოხტა, რომ მე თუ არა, თქვენ მაინც გეშველებათო და ამით მიიქცია ყურადღება. როდესაც მინისტრი დღეს ტელევიზორში აცხადებს, რომ ჩემი ბიძის გარდაცვალება არის უბედური შემთხვევა და ბინების მიღებასთან კავშირში არ არის, ძალიან ცდება. ერთ კვირაში დავასაფლავებ ბიძაჩემს და ყველა დადგება მისი (მინისტრის) კარის წინ, სამინისტროშიც და სახლიდან გამოვათრევთ. შენ გეუბნები პირადად, დღეს რომ ცინიკურად იცინოდი იქ, პირადად გეუბნები, გამოგათრევ და ურნაში ჩაგაგდებ“, – განაცხადა თურქიამ.

ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ დევნილები უკვე 30 წელია ცხოვრობენ, თავდაპირველად 200-ზე მეტი ოჯახი იყო, ახლა 125 დარჩა.

დევნილები ახალ შენობაში გადაყვანას უკვე წლებია ითხოვენ. პროტესტი დეკემბერში მას შემდეგ გამწვავდა, რაც შენობის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა. მობინადრეები ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე ყოველდღე საფრთხეშია.

ხელისუფლებამ დევნილებს ორი ალტერნატივა შესთავაზა: ან ქირით გადავიდნენ და ამ შემთხვევაში ყოველთვიურად 300 ლარით დააფინანსებს, ან დევნილებს თავად შეუძლიათ მოიძიონ საცხოვრებელი ფართი და ამ შემთხვევაში კვადრატულ მეტრში სახელმწიფო გადაიხდის 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.

ეს პირობები კი დევნილებს არ აკმაყოფილებთ. მათი განცხადებით, ამ პირობაზე დათანხმების შემთხვევაში სახელმწიფომ შესაძლოა შეწყვიტოს მათთვის ქირის გადახდა და ამის გაკეთება თავად მოუწიოთ.

უბედური შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ ძალაში დატოვა ეს შეთავაზება და დამატებით დაპირდა დევნილებს, რომ 2022 წლის განმავლობაში მათ საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ დააკმაყოფილებს.

ოფიციოზის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული ახალი საცხოვრებელი ფართით, 2024 წლის ბოლომდე კი კიდევ 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 270 000 დევნილია: 240 000 – აფხაზეთიდან და 30 000-მდე – ცხინვალის რეგიონიდან.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close