აღმოჩენილია მცენარეული პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის ყველა შტამს ბლოკავს – კვლევა
ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც ვირუსებზე ზემოქმედებს, ტაფსიგარგინი იწვევს უაღრესად ძლიერ ფართო სპექტრის თანდაყოლილ იმუნურ პასუხს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეული წარმოშობის პრეპარატი ტაფსიგარგინი ძლიერ ეფექტიანია SARS-CoV-2 ვირუსის ყველა შტამების წინააღმდეგ, ნათქვამია ჟურნალ Virulence-ში გამოქვეყნებულ კვლევაში
ტაფსიგარგინი არის ფართო სპექტრის ანტისიმსივნური და ანტივირუსული პრეპარატი, რომლის აქტიური ნივთიერება მიიღება ქოლგისებრთა ოჯახის მცენარისგან Thapsia garganica. ცნობილია, რომ ეს პრეპარატი ააქტიურებს თანდაყოლილ იმუნურ პასუხს ადამიანის რესპირატორული ვირუსების სამი ძირითადი ტიპის მიმართ: „გაციების“ კოროვირუსების, რესპირატორული სინციტიალური ვირუსის (RSV) და A ტიპის გრიპის.
პირველად ტაფსიგარგინის ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ 2021 წლის თებერვალში გამოსცადეს ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად. ლაბორატორიული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის რეპლიკაციას ერთჯერადი გამოყენების შემდეგ მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
ახალ კვლევაში ბრიტანელმა მეცნიერებმა პროფესორ კინ-ჩოუ ჩანგის (Kin-Chow Chang) ხელმძღვანელობით შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ეს მცენარეული პრეპარატი დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დომინირებს და რომელსაც აქვს უჯრედებში გამრავლების უმაღლესი უნარი, ხოლო პოპულაციაში – ყველაზე დიდი გავრცელების კოეფიციენტი.
შედეგებმა აჩვენა, რომ ტაფსიგარგინი თანაბრად ეფექტურია SARS-CoV-2-ის ყველა ახალი ვარიანტის მიმართ, დელტას ჩათვლით. გარდა ამისა, ავტორების თქმით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კომპლექსური პრეპარატი ერთდროულად რამდენიმე ინფექციის წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი, COVID-19 და RSV. ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატებისგან განსხვავებით, მას შეუძლია აამოქმედოს უაღრესად ეფექტური ფართო სპექტრის ანტივირუსული თანდაყოლილი იმუნური პასუხი.
უფრო მეტიც, შედეგის მისაღწევად – ვირუსის სრული განადგურებისთვის – ზოგჯერ ძალიან მცირე დოზებია საკმარისი. უჯრედულ კულტურებსა და ცხოველებში წინასწარი ტესტების დროს ტაფსიგარგინის ერთჯერადმა დოზამ ეფექტურად დაბლოკა კორონავირუსი 95%-ზე მეტით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. იგივე ეფექტურობა იყო კოინფექციის დროს (ერთდროული ინფიცირება ორი ან სამი შტამით, როდესაც გამრავლების სინერგია იძლეოდა ვირუსული ნაწილაკების უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე რამდენიმე ინფექციის მარტივი შეკრებისას).
„მიუხედავად იმისა, რომ დელტა ვარიანტი წინამორბედებთან შედარებით უდავოდ უფრო გადამდებია და ხელს უწყობს სხვა ვარიანტების პროდუცირებას თანმხლები ინფექციების შემთხვევაში, მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ ტაფსიგარგინი ისევე ეფექტურია ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ერთდროულად“, – მოყვანილია ნოტინგემის უნივერსიტეტის პრესრელიზში პროფესორ ჩანის სიტყვები.
ავტორები იმედოვნებენ, რომ ტაფსიგარგინი აქტიურად იქნება გამოყენებული როგორც პოსტკონტაქტური პროფილაქტიკური და აქტიური თერაპიული საშუალება COVID-19-ის წინააღმდეგ. პრეპარატის უსაფრთხოება შემოწმებულია კლინიკური კვლევების დროს.
sputnik-georgia.com
კომენტარები