fbpx
საზოგადოება

საქართველოში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის ოჯახი წერილს ავრცელებს

საქართველოში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის ოჯახი წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

წერილს უცვლელად:

„შანაის ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენლად ტრაგიკულად დავკარგეთ.

მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული.

გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაიმ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია.

იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.

შანაი იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას.

შანაი გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო.

გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაის მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაის გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში.

ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაის ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები.

მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაის პოვნა და დამნაშავის დაკავება.

მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება.

მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაის რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ისე ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაის GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაის ბოლო გზაზე გაცილებას.

ახლა კი შანაის ოჯახი ესწრაფვის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება – სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო.

ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია.

სიყვარულითა და პატივისცემით

შანაის ოჯახი

გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა“.

ავსტრალიის მოქალაქე, 31 წლის შანაი ბრუკი ბოლო თითქმის ერთ წელზე მეტი საქართველოში, თბილისში ცხოვრობდა, გოგებაშვილის ქუჩაზე. ახალგაზრდა ქალი 30 ივლისს გაუჩინარდა, იგი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე დააფიქსირა ვერაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს შანაი ბრუკს ტელეფონით ესაუბრებოდა, იგი მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ქალს მოულოდნელად თავს დაესხნენ და იგი დახმარებას ითხოვდა. 31 ივლისს შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

შსს-მ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი დააკავა ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით.

10 სექტემბერს ბრალდებულ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close