87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამ მთელი ესპანეთი შეძრა, გარდაიცვალა

გარდაიცვალა მარიკარმენ აბასკალი – 87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამ ესპანეთში მასობრივი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
მარიკარმენ აბასკალი 7 ოქტომბერს მადრიდის გრეგორიო მარანიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ესპანეთის მოიჯარეთა კავშირმა განაცხადა.
მარიკარმენის სახელი ესპანეთში საცხოვრებლის კრიზისსა და გამოსახლების წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც 23 სექტემბერს იგი მადრიდის ერთ-ერთ რაიონში – რეტიროში მდებარე ბინიდან ძალით გამოასახლეს. ქალი ამ სახლში დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და უკანასკნელ წლებში ქირის გაზრდის გამო საცხოვრებლის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.
გამოსახლების დღეს მარიკარმენი საკაცით გამოიყვანეს სახლიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კადრებმა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ ხანდაზმული ქალი საკუთარი სახლიდან საკაცით, ესპანეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მის მხარდასაჭერად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
მოგვიანებით მარიკარმენის წარმომადგენლებმა და ბინის მფლობელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს: ქალი საცხოვრებელში დაბრუნებას შეძლებდა ახალი რვაწლიანი იჯარის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც ქირა მისი სუფთა შემოსავლის 30%-ზე მეტი არ იქნებოდა. თუმცა საავადმყოფოში მყოფ მარიკარმენს სახლში დაბრუნება აღარ დასცალდა. მოხუცი ქალი გამოსახლების დღიდან საავადმყოფოში იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ამ დროისთვის საჯაროდ არ სახელდება.
მისმა ამბავმა ესპანეთში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ფართო დისკუსია და საპროტესტო აქციები გამოიწვია. მარიკარმენის გამოსახლება როგორც ხანდაზმული ადამიანების, ისე ახალგაზრდა თაობის საცხოვრებლის პრობლემების სიმბოლოდ იქცა.
მარიკარმენმა სიცოცხლის ბოლო დღეებში მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
ქალის ისტორია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ არავინ იცნობდა ახლობლების გარდა, მთელმა ესპანეთმა და მსოფლიომ გაიცნო.
მარიკარმენის გარდაცვალების შესახებ ცნობას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც გამოეხმაურა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. მადრიდის მოიჯარეთა კავშირმა კი განაცხადა, რომ მისი ისტორია და ბრძოლა დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
შეგახსენებთ, რომ საბინაო კრიზისის გამო გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა – კენჭისყრა 29 ნოემბერს ჩატარდება, დაგეგმილზე თითქმის 7 თვით ადრე.
NBC News-ის ინფორმაციით, მარიკარმენის ისტორიის ფონზე, ესპანეთის მთავრობამ საცხოვრებლის კრიზისთან გასამკლავებლად 21 გადაუდებელი ღონისძიება დაამტკიცა. პაკეტი, მათ შორის, ითვალისწინებს მოწყვლადი ადამიანების გამოსახლებისგან დაცვის გაძლიერებას, ოთახებისა და სეზონური გაქირავების რეგულირებას, საცხოვრებლის შეძენისა და დაქირავების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, უძრავი ქონების მფლობელთათვის საგადასახადო შეღავათებსა და სხვა სტიმულებს. მთავრობა ასევე ქმნის 10 მილიარდი ევროს ფონდს, რომელიც საცხოვრებლის შესაძენად სესხებსა და მშენებლობის დასაფინანსებლად სუბსიდიებს უზრუნველყოფს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ზომების პაკეტი რატიფიცირებისთვის დროებით საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა, რომელიც ვადამდელ არჩევნებამდე განაგრძობს მუშაობას.
დროებითი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც „მუდმივ კომისიას“ უწოდებენ, 69 წევრისგან შედგება, მაშინ როცა ესპანეთის სრულუფლებიან პარლამენტში 350 დეპუტატია.
ნანა ძნელაძე
დაკავშირებულ თემაზე: ესპანეთში მასობრივი პროტესტის შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა – რა შანსები აქვთ სანჩესსა და მის კონკურენტებს



