fbpx
მსოფლიოკრიმინალი

რუსეთი: პერმის უნივერსიტეტის პირველკურსელმა სანადირო თოფით ექვსი სტუდენტი მოკლა

21 სექტემბერი პერმში გლოვის დღეა

20 სექტემბერს პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 დაშავდა. დაღუპულთაგან 5 ქალი და ერთი მამაკაცია (20 წლის სტუდენტი). დაღუპულთა შორისაა 65 წლის ქალი. 24 დაზარალებულიდან 19-ს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. დაშავებულთა ასაკი 18-იდან 44 წლამდეა.

20 სექტემბერს მოვლენები ასე განვითარდა: დაახლოებით დილის 11 საათზე  უნივერსიტეტში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სროლის მომენტში შენობაში 3000-მდე სტუდენტი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, სულ მცირე, 30-ჯერ გაისროლა. სტუდენტების ნაწილი აუდიტორიებში ჩაიკეტა, ნაწილი კი ფანჯრიდან გადახტა და თავს ასე უშ­ვე­ლა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მსროლელი ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (კრიმინალისტური ექსპერტიზის პროფილით, სპეციალობა – სასამართლო ექსპერტი) პირველკურსელი, 18 წლის ტიმურ ბეკმანსუროვია. ის  სანადირო თოფით იყო შეიარაღებული და მომარაგებული ჰქონდა 1500 ვაზნა. როგორც რუსული მედიასაშუალებები სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, ბეკმანსუროვი იარაღს კანონიერად ფლობდა. „იზვესტიას“ ინფორმაციით,სავარაუდოდ, ეს არის თურქული გლუვლულიანი Huglu Atrox T pump synthetic 12×76 510 mm.

ტრაგედიამდე 40 წუთით ადრე ტიმურ ბეკმანსუროვმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც თავდასხმა დაანონსა: „დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ დადგა დრო, გავაკეთო ის, რაზეც ვოცნებობდი“. მისი განცხადებით, ის არ არის ტერორისტი და არცერთ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვს.

life.ru-ს ინფორმაციით, ტიმურ ბეკმანსუროვმა სახლში წერილი დატოვა, რომელშიც ითხოვს, რომ თუ დედამისს რამე მოუვა, მის კატაზე იზრუნონ და ნათესავებს გადასცენ. „კატა აქ ნამდვილად არაფერ შუაშია“, – წერს იგი.

მომხდარის შემდეგ მამამისმა, რომელიც ცოლს გაშორებულია და სხვა ქალაქში ცხოვრობს, ტელეკომპანია RT-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მის შვილს კომპიუტერის გარდა არაფერი აიტერესებდა და მეგობრებთან ერთად არ ერთობოდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ იგი დაკავებისას დაიჭრა და პერმის საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული დაშავებული 20 სტუდენტი, 9 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

პერმში 21 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

4 თვის წინ, 11 მაისს რუსეთის ქალაქ ყაზანში შეიარაღებულმა 19 წლის ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა სკოლაში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 7 ბავშვი, 20-ზე მეტი კი დაიჭრა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close