fbpx
მსოფლიოკრიმინალი

ყაზანში ტერაქტის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის, 7 ბავშვი – 12 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა (ვიდეო)

„მე გავიაზრე, რომ ღმერთი ვარ... ზაფხულში ჩემში მონსტრმა დაიწყო გაღვიძება...“

11 მაისს დილით, 9 საათსა და 20 წუთზე ყაზანის (თათრეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) № 175 სკოლაში ტერორისტმა ცეცხლი გახსნა. იმ დროს სკოლაში 714 ბავშვი და 70 მოზრდილი იმყოფებოდა, მათ შორის, 52 პედაგოგი. დაიღუპა 9 ადამიანი. სკოლიდან ადამიანების ევაკუაცია თავდასხმიდან 20 წუთში განხორციელდა.

თავდამსხმელი, 19 წლის ილნაზ გალიავიევი ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. მან 175-ე სკოლა 4 წლის წინ დაამთავრა. იგი მარტო მოქმდებდა. თათრეთის განათლების სამინისტროს ცნობით, იგი სკოლაში მთავარი შესასვლელიდან შევიდა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში და შესვლისთანავე გახსნა ცეცხლი. თავდამსხმელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის მიერ გამოყენებული იარაღი ოფიციალურად რეგისტრირებული იყო.

უფრო ადრე წყაროები იუწყებოდნენ, რომ ორი თავდამსხმელი იყო, რომელთაგან ერთის ლიკვიდაცია მოხდა. ეს ინფორმაცია თათრეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა უარყო.

ფოტო: РИА Новости/Максим Богодвид

„7 ბავშვი დავკარგეთ. მერვეკლასელები. 4 ბიჭი და 3 გოგონა. გარდა ამის, ერთი მასწავლებელი დაიღუპა. და კიდევ ერთი ქალი. სულ – 9 ადამიანი“, – განაცხადა თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 18 მოზარდი ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება. გარდა ამისა, საავადმყოფოში გადაიყვანეს 3 უფროსი ასაკის დაზარალებული.

18 ბავშვიდან ზოგს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული, ზოგს მოტეხილობები და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. თათრეთის განათლების სამინისტროს ცნობით, 8 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი დაჭრილი შესაძლოა მოსკოვში გადაიყვანონ. თათრეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვიდან სპეციალურ თვითმრინავს ელოდებიან და საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს  რუსეთის დედაქალაქში გადაიყვანენ სამკურნალოდ.

„იზვესტია“ წერს, რომ სოცქსელში თავდამსხმელის დაკითხვის ვიდეო გამოჩნდა. „მე შევიცანი, რომ ღმერთი ვარ. თუმცა ეს უცბად არ მომხდარა, 2 თვის წინ. ზაფხულში ჩემში მონსტრმა დაიწყო გაღვიძება. მე ყველას შეძულება დავიწყე. ყოველთვის ყველა მძულდა. უფრო მეტად შეძულება დავიწყე“, – ამბობს იგი.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, გალიავიევი ყაზანში კოლეჯში სწავლობდამეოთხე კურსზე. 4 მაისს მან კერძო Telegram-არხი შექმნა, რომელსაც გამომწერები არ ჰყავდა. 11 მაისს, 8:57 სთ-ზე მან გამოაქვეყნა თავისი ფოტო ნიღბით და ტექსტით, რომ აპირებს „ბევრი ადამიანი მოკლას“. აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან მან მაღაზიებში რეკვა დაიწყო და სნაიპერული შაშხანის კომპონენტებით ინტერესდებოდა, ხოლო მარტიდან იარაღის გაფორმებას შეუდგა.

როგორც «РИА Новости», აზუსტებს, აპრილში გალიავიევი კოლეჯიდან გარიცხეს აკადემიური ჩამორჩენის გამო.

ამასთან, კოლეჯში განაცხადეს, რომ იგი „ჩუმი და უკონფლიქტო“ იყო, პატივისცემით ეპყრობოდა პედაგოგებს და სხვა სტუდენტებს.

გალიავიევს კომპლექსურ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ, რათა მისი ფსიქიკური მდგომარეობა და დანაშაულის მოტივები დაადგინონ.

თათრეთის მთავრობამ ყაზანში სკოლაში მომხდარი მკვლელობების შემდეგ 12 მაისი რესპუბლიკაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close