მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მყოფ ქართველებს აფრთხილებს – რა ხდება ისრაელში?

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში ქალაქ ლოდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. მიმართვა საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ ‼️‼️‼️
არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან – დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის“.

11 მაისს ქალაქი ლოდი ბრძოლის ველად იქცა მას შემდეგ, რაც სროლის შედეგად დაღუპული არაბი მაცხოვრებლის, მუსა ჰასუნეს დაკრძალვა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ორი პოლიციელი დაიჭრა, დამწვარია პოლიციის მანქანა. ქალაქში შეყვანილია 100-ობით პოლიციელი და სასაზღვრო დაცვის მებრძოლი.

ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი 3 ადამიანი დაკავებულია. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ისინი თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ და ცეცხლი გახსნეს, რათა ლინჩი აეცილებინათ თავიდან. მოკლულის ოჯახი აცხადებს, რომ მუსა ჩამოსახლებული ტერორისტის მსხვერპლი გახდა.

ქალაქის ებრაელი მაცხოვრებლები ბოლოდროინდელ მოვლენებს დარბევას უწოდებენ და პოლიციას ადანაშაულებენ, რომ დაგვიანებით მოხდინა რეაგირება არაბების მასობრივ არეულობებზე. არაბები ამტკიცებენ, რომ ჰასუნეს მკვლელობა პოლიციის თვალწინ მოხდა  და პოლიციელებმა ამ დანაშაულს ხელი არ შეუშალეს.

Ynet-ის ინფორმაციით, პოლიცია ემზადება იმისთვის, რომ 11 მაისს საღამოს და ღამით არაბი მოსახლეობა 60-მდე მანიფესტაციას მოაწყობს როგორც დასახლებულ პუნქტებში, ისე გზაგასაყრებზე. იმ ქალაქებს შორის, სადაც არეულობებია მოსალოდნელი, არის ხაიფა და აკო.

ხაიფაში პოლიციამ გადაკეტა ქუჩები, რომლებიც გერმანულ კოლონიაში ბენ გურიონის ბულვარისკენ მიდის. ბევრი რესტორანი და მაღაზია ქალაქის ბულვარზე, რომელიც ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის პოლულარობით სარგებლობს, დაკეტილია.

პალესტინელმა რადიკალებმა ღაზის სექტორში სამშაბათს, 11 მაისს ისრაელზე საჰაერო იერიშები განაახლეს. ისრაელელი სამხედროების ცნობით, ისრაელის ტერიტორიისკენ მათ 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. უშუალოდ ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებსა და აშკელონში დღეს არაერთხელ ისმოდა საჰაერო განგაშის სირენის ხმა.

ისრაელმა პასუხად ღაზის სექტორში სამიზნეების მიმართულებით დაახლოებით 130 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ თანამემამულეებს პალესტინელებთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ამზადებს. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებს. „სამხედროები არაფერს გამორიცხავენ“, – განაცხადა მან. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 5 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის განკარგულება გასცა.

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის სექტორში სარაკეტო დარტყმების შედეგად მოკლულია რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ 15 წევრი. ღაზაში ჯანდაცვის სამინისტრო კი 23 დაღუპულის შესახებ იუწყება, რომელთა შორის 9 ბავშვია; მათივე ცნობით, დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.

კონფლიქტის ესკალაცია

ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ბოლო რამდენიმე დღეა ძლიერ გამწვავდა. ისერუსალიმში, განსაკუთრებით ტაძრის მთაზე მუსლიმებისთვის წმინდა – რამადანის თვეში არაერთხელ მოხდა სასტიკი შეტაკებები, რომელთა დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა.

შეტაკებები, მათ შორის, გამოიწვია იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ბარიერების შექმნამ და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების მუქარამ.

ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ამ დრომდე ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 480 რაკეტის გამოშვება დაფიქსირდა. ამასთან, 150-მა რაკეტამ ისრაელის ტერიტორიამდე ვერ მიაღწია და ღაზის სექტორშივე ჩამოვარდა.

200-მდე რაკეტა ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო დაცვამ – „რკინის გუმბათმა“ დაიჭირა.

ბოლო საათებში ღაზის სექტორიდან სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა რამდენადმე შესუსტდა. თუმცა ადგილობრივი დროით საღამოს 6-სა და 7 საათს შორის საზღვრისპირა ზონის დასახლებულ პუნქტებში განგაშის სიგნალი სულ ცოტა, 10-ჯერ მაინც გაისმა.

ამ სარაკეტო იერიშების დროს დაზარალებულების ან დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close