იტალია: 1000-ევროიანი დახმარება ახალშობილებისთვის – ვის ეკუთვნის და ვის ეწურება განაცხადის ვადა 12 აგვისტოს

იტალიაში ოჯახებს, სადაც 2026 წელს ბავშვი დაიბადა, ბავშვი იშვილეს, ან შვილად აყვანამდე წინასწარ მეურვეობაში მიიღეს, თითოეულ ბავშვზე ერთჯერადი 1000-ევროიანი დახმარების (Bonus nuovi nati) მიღება შეუძლიათ.
ჩვეულებრივ, დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ბავშვის დაბადებიდან, შვილად აყვანიდან ან შვილად აყვანამდე წინასწარ მეურვეობაში გადაცემიდან 120 დღის განმავლობაში.
თუმცა იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ეს 2026 წლის 1 იანვრიდან 14 აპრილის ჩათვლით მოხდა, სპეციალური წესი მოქმედებს და განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2026 წლის 12 აგვისტოა.
რატომ ეწურებათ ამ ოჯახებს ვადა 12 აგვისტოს?
Bonus nuovi nati-ს განაცხადების ელექტრონული სერვისი INPS-მა მხოლოდ 2026 წლის 14 აპრილს აამოქმედა, ამიტომ 2026 წლის 14 აპრილამდე მომხდარი შემთხვევებისთვის 120-დღიანი ვადა INPS-ის 14 აპრილის შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან აითვალა, რის გამოც ამ კატეგორიის ოჯახებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 12 აგვისტოა..
ხოლო 15 აპრილიდან მომხდარი შემთხვევებისთვის მოქმედებს ჩვეულებრივი წესი – განაცხადი უნდა წარადგინონ ბავშვის დაბადების, აყვანის ან წინასწარი მეურვეობის დაწყების დღიდან 120 დღის განმავლობაში.
მაგალითად, თუ ბავშვი 1-ელ აგვისტოს დაიბადა, მშობელს განაცხადის შესატანად 120 დღე (4 თვე) აქვს.
ვის ეკუთვნის 1000-ევროიანი დახმარება?
Bonus nuovi nati-ს მისაღებად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო:
- ბავშვი უნდა დაიბადოს, იშვილონ ან შვილად აყვანამდე წინასწარ მეურვეობაში მიიღონ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე;
- განმცხადებელი უნდა ცხოვრობდეს იტალიაში;
- შესაბამისი ISEE minorenni არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ევროს;
- განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქეობისა და იტალიაში კანონიერი ბინადრობის შესახებ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის შვილად აყვანისას.
ISEE-ის 40 000-ევროიანი ზღვრის გამოთვლისას Assegno Unico Universale – ბავშვიანი ოჯახებისთვის განუთვნილი ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება – არ ითვლება.
უცხოელებსაც შეუძლიათ Bonus nuovi nati-ს მიღება
1000-ევროიანი დახმარება მხოლოდ იტალიის მოქალაქეებისთვის არ არის განკუთვნილი.
მისი მიღება შეუძლიათ ევროკავშირის მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებსაც, თუ ისინი იტალიაში ცხოვრების შესაბამის უფლებას აკმაყოფილებენ.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც არსებობს შესაძლებლობა, თუ ისინი იტალიაში ცხოვრობენ და შესაბამისი ბინადრობის სტატუსი აქვთ.
მათ შორის გათვალისწინებული არიან პირები, რომლებსაც აქვთ:
- ევროკავშირის გრძელვადიანი რეზიდენტის ბინადრობის ნებართვა;
- ერთიანი სამუშაო ნებართვა ან კვლევასთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა, რომელიც ექვს თვეზე მეტხანს მოქმედებს;
- გარკვეულ შემთხვევებში, მინიმუმ ერთწლიანი ვადის მქონე ბინადრობის ნებართვა.
შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დახმარების მიღების უფლება აქვთ, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს.
რა არის საჭირო განაცხადის შესატანად?
განაცხადის წარდგენამდე საჭიროა მოქმედი ISEE, რომელშიც ის ბავშვიც უნდა იყოს მითითებული, რომლისთვისაც დახმარებას ითხოვთ.
თუ ISEE ჯერ არ გაქვთ, შესაძლებელია წინასწარ წარადგინოთ DSU, რათა ბავშვის მონაცემების გათვალისწინებით ISEE გამოითვალოს.
განაცხადისას ასევე უნდა მიუთითოთ თანხის მისაღები გადახდის მეთოდი, მათ შორის IBAN ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმა.
საჭიროა ასევე ბავშვის Codice Fiscale.
როგორ შევიტანოთ განაცხადი?
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
- INPS-ის ვებგვერდზე – SPID-ის, CIE-ის, CNS-ის ან eIDAS-ის გამოყენებით;
- INPS Mobile-ის აპლიკაციით;
- INPS-ის Contact Center-ის მეშვეობით;
- Patronato-ს დახმარებით.
თუ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, განაცხადი უნდა შეიტანოს იმ მშობელმა, რომელიც ბავშვთან ერთად ცხოვრობს.
რამდენს მიიღებს ოჯახი ტყუპების შემთხვევაში?
თუ ოჯახში ტყუპი ან სამტყუპი დაიბადა, 1000 ევრო თითოეულ ბავშვზე გაიცემა.
თუმცა თითოეული ბავშვისთვის ცალკე განაცხადის წარდგენაა საჭირო.
როგორ გაიცემა თანხა?
Bonus nuovi nati არის ერთჯერადი 1000-ევროიანი დახმარება თითოეულ ბავშვზე.
თანხა გაიცემა განაცხადების ქრონოლოგიური რიგითობის მიხედვით, კანონით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.
დახმარება არ შედის დასაბეგრი შემოსავლის ფორმირებაში, შესაბამისად, Bonus nuovi nati საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
რატომ გაიზარდა განაცხადის ვადა 60-იდან 120 დღემდე?
Bonus nuovi nati იტალიაში 2025 წელს ამოქმედდა. თავდაპირველად დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადა ბავშვის დაბადებიდან ან ოჯახში მისი მიღებიდან მხოლოდ 60 დღე იყო.
მოგვიანებით ვადა 120 დღემდე გაიზარდა, რათა მშობლებს განაცხადის შესატანად მეტი დრო ჰქონოდათ და საჭირო დოკუმენტების, მათ შორის ISEE-ის, მომზადება უფრო მარტივად შესძლებოდათ.
ეს წესი ახლა 2026 წლის Bonus nuovi nati-ზეც მოქმედებს.
ამასთან, 2026 წლისთვის ცალკე გარდამავალი წესი მოქმედებს იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც ბავშვი 1-ელი იანვრიდან 14 აპრილის ჩათვლით დაიბადა, იშვილეს ან წინასწარ მეურვეობაში მიიღეს. რადგან განაცხადების ელექტრონული სერვისი მხოლოდ 14 აპრილს გაიხსნა, მათთვის 120-დღიანი ვადა სწორედ ამ თარიღიდან აითვალა.
ამიტომ, თუ თქვენი შვილი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 14 აპრილის ჩათვლით დაიბადა, ან ამ პერიოდში იშვილეთ ბავშვი ან შვილად აყვანამდე მეურვეობაში მიიღეთ, განაცხადის შეტანას ნუ გადადებთ – ბოლო ვადა 12 აგვისტოა.
2026 წლის 15 აპრილიდან მომხდარი შემთხვევებისთვის კი ჩვეულებრივი 120-დღიანი ვადა მოქმედებს.
ნინო ხოშტარია



