პოლიტიკასაბერძნეთი

„ვერ დაველოდებით, როდის მოაწყდებიან მიგრანტები საბერძნეთის საზღვრებს“ – საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 40-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა

საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე 40-კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Ekathimerini წერს.

ათენის განცხადებით, საზღვარზე ვიდეოკონტროლის ახალი სისტემა დამონტაჟდა, რათა ავღანეთში ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა ახალი ტალღა ევროპაში არ მოხვდეს.

„ავღანეთში შექმნილმა კრიზისმა მიგრანტების ახალი ნაკადის წარმოშობისთვის საფუძველი შექმნა. ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის მოაწყდებიან მიგრანტები საბერძნეთის საზღვრებს“, – განაცხადა საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, მიხალის ხრისხოიდისმა.

საბერძნეთი მიგრაციული კრიზისის წინაშე 2015 წელსაც აღმოჩნდა, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მილიონობით ლტოლვილი თურქეთიდან ევროკავშირში მოხვედრას ცდილობდა.

„ბიბისის“ ცნობით, ამ კრიზისის შედეგად ქვეყანაში 60 000-მდე მიგრანტი დარჩა.

ევროპის მიგრაციის კრიზისისას, საბერძნეთი გახდა ფრონტის წინა ხაზზე მყოფი სახელმწიფო, თუმცა თურქეთიდან შემოსულთა რიცხვმა იკლო 2016 წლის შემდეგ, როცა ევროპის კავშირმა ანკარასთან შეთანხმებას მიაღწია ნაკადის შეჩერების შესახებ, მილიარდობით დოლარის ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

„ერდოღანი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ევროპის კავშირმა ბოლომდე არ შეასრულა შეთანხმების ნაწილი და ხანდახან ევროპისთვის თურქეთის საზღვრების გახსნის მუქარას იყენებდა ბრიუსელზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად“, – წერს რადიო „თავისუფლება“.

„თურქეთს არ გააჩნია მისია, პასუხისმგებლობა ან ვალდებულება, იყოს ევროპის ლტოლვილთა ბანაკი”, – განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო გამოსვლისას 19 აგვისტოს საღამოს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ახლა ავღანეთში ქაოსია, ერთადერთი ადგილი, რომელსაც ახლა დასავლეთის ძალები აკონტროლებენ, აეროპორტია. ავღანეთში ამ დროისთვის 5 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც აეროპორტის უსაფრთხოებაზე და ევაკუაციის პროცესის წარმართვაზე არიან პასუხისმგებლები. პროცესი აეროპორტში კი დრამატულად ვითარდება. ათასობთ სასოწარკვეთილი ადამიანი გაქცევას ცდილობს, მათ შორის კი, დადასტურებული ინფორმაციით, ტერორისტებიც იმყოფებიან, რომლებიც ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას ცდილობენ. მათი მოგერიება და ლიკვიდაცია ამ დრომდე წარმატებით ხორციელდება. აეროპორტის ტერიტორიაზე მოკლულია 12 ადამიანი.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close