fbpx
საზოგადოებასაქართველო

სრულად ვაქცინირებისას ინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია, გარდაცვალების შემთხვევა – არცერთი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აცრილ პაციენტებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ორჯერ ვაქცინირებული პირებიდან ინფექცია განვითარდა 0.3%-ში, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო პერიოდში ისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს აცრას, თუკი მაინც ინფიცირდება ადამიანი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ გვიცავს. ინფიცირება დადგება იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად ფაიზერის დროს ეს არის 10%-ზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 15-იდან 20%-მდე. თუმცა შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სულ აცრილია 317 537 ადამიანი, დღიურად, საშუალოდ, 6 992 ადამიანი იცრება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 769-ით გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,68%, ბოლო 14 დღის – 4,1%, ბოლო შვიდი დღის – 4,46%.

საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 381 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 361 327 გამოჯანმრთელდა, 5 492 კი, სამწუხაროდ, – გარდაიცვალა.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close