ალცჰაიმერის დამარცხებისკენ გადადგმული კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯი – ახალმა თერაპიამ მაიმუნებში დაავადების განვითარება შეაჩერა
15 ივნისს ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, მეცნიერებმა ახალი თერაპიის გამოყენებით მაიმუნებში ალცჰაიმერის დაავადება შეაჩერეს.
ალცჰაიმერის დაავადება ტვინს აზიანებს. ნერვულ უჯრედებს შორის ცილები გროვდება, რის შედეგადაც არანორმალური სტრუქტურები – ნადები და გორგლები ყალიბდება. ეს ტვინის ახლომდებარე ქსოვილების სიკვდილს იწვევს, რაც კოგნიტური ფუნქციების, მეხსიერების, მეტყველების, სივრცეში არეულობასა და ხასიათის დისფუნქციის საწინდარია. ეს დაავადება მოხუცებში დემენციის გამოწვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ხოლო აშშ-ში სიკვდილის რიგით მეექვსე მიზეზს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება არ იკურნება, ბოლო წლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ დაავადების განვითარებაში ჩვენს იმუნურ სისტემას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. არსებობს იმუნური უჯრედები გარკვეული ტიპები, რომლებიც ჩვენს იმუნურ სისტემას ბუნებრივად აქვს – ისინი არც ვაქცინებითაა შეძენილი და არც დაავადებასთან ექსპოზიციით. ეს უჯრედები ჩვენი სხეულიდან ტოქსინების განდევნაზეა პასუხისმგებელი, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ეს უჯრედები „ზარმაცდება“. ისინი სხეულის ქსოვილებიდან ყველა ტოქსინის გაწმენდას ვეღარ ახერხებენ და გროვდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ნევროლოგიურ დეგენერაციას იწვევს.
სწორედ ამიტომ, ნიუ-იორკის გროსმანის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა ახალი თერაპია პირდაპირ იმუნურ სისტემაზე დამიზნებაზე ააგეს. მეცნიერებმა ახალი მედიკამენტი გამოიყენეს, რომელსაც არც ისე მარტივად დასამახსოვრებელი და წარმოსათქმელი სახელი აქვს – CpG ოლიგოდეოქსინუკლეოტიდი (CpG oligodeoxynucleotides/CpG ODN). ეს მედიკამენტი იმუნურ სისტემას აიძულებს, ამილოიდური ბეტა ნადები და ტაუ გორგლები (amyloid beta plaques and tau tangles) „შთანთქას“ – სწორედ ეს წარმონაქმნები არიან პასუხისმგებლები ტვინის უჯრედების სიკვდილზე.
„ჩვენი აღმოჩენები კარგი ილუსტრაციაა იმისა, რომ ეს თერაპია ნეიროდეგენერაციის შესაჩერებლად იმუნური თერაპიის მანიპულირების ეფექტიანი გზაა“, – ამბობს კვლევის თანაავტორი აკაშ პატელი.
იმ სუბიექტებს, რომლებმაც ახლადშექმნილი თერაპია იმუნური სისტემის მარეგულირებელ მედიკამენტთან ერთად ჩაუტარდათ, ტვინში ნადები 59%-ით უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც წამალი არ მიუღიათ.
მეცნიერებმა კვლევისთვის 15 მდედრი საიმირი გამოიყენეს, რომელთა ასაკიც 17-სა და 19 წელს შორის მერყეობდა – მაიმუნის ამ სახეობისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მოხუცი ინდივიდები. ასაკის მატებასთან ერთად საიმირებს ადამიანების ალცჰაიმერის მსგავსი ნეიროდეგენერაცია ემართებათ, რის გამოც ისინი ექსპერიმენტისთვის იდეალური ცდისპირები არიან. მკვლევარები რვა მაიმუნს ახალი მედიკამენტის ერთი დოზას აძლევდნენ თვეში ერთხელ, ორი წლის განმავლობაში. დანარჩენ შვიდს მარილის ხსნარი მისცეს (მაიმუნების კვლევის დროსაც კი საჭიროა პლაცებოს ეფექტის წინააღმდეგ მომზადება).
შედეგები ცხადზე ცხადი იყო: მედიკამენტმიღებულ მაიმუნებს არა მხოლოდ ნადების ნაკლები გროვები აღმოაჩნდათ, არამედ მათ კოგნიტური სავარჯიშოები „უთერაპიო“ მაიმუნებზე უკეთესად შეასრულეს. მათ ასევე ფაზლების ამოხსნის ახალი უნარებიც კი დაისწავლეს – ამ უნარს ალცჰაიმერის დაავადება საშინლად აზიანებს.
თერაპია ინოვაციურია არა მედიკამენტის, არამედ მისი დოზირების გამო. წინა კვლევის დროსაც იყო იმუნური სისტემის ტარგეტირების მცდელობები, თუმცა მან კრახი განიცადა, რადგან მედიკამენტის მაღალმა დოზებმა იმუნური სისტემის გადაჭარბებული სტიმულირება გამოიწვია. შედეგად ანთება განვითარდა, რასაც ტვინის უჯრედების სუიციდი მოჰყვა.
კვლევის ავტორების თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი ადამიანებშიც იმუშავებს, ეს კი ალცჰაიმერის დამარცხებისკენ გადადგმული კიდევ ერთი უდიდესი ნაბიჯია.
mtavari.tv
კომენტარები