პოლიტიკა

იტალიური კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იწყებს?

რას ამბობს იტალიის საგარეო უწყება

„აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იტალიური კომპანია განახორციელებს… ამ ეტაპზე იგეგმება გაგრაში ორი ობიექტის რეკონსტრუქცია – რკინიგზის სადგურ „პავილიონის“ და ქალაქის ცენტრალური სადგურის. სამუშაოების დასრულების შემდეგ საკრუიზო მატარებელი როსტოვიდან აფხაზეთში უკვე მიმდინარე წლიდან ივლის“, – ასეთი ინფორმაცია გაავრცელა abkhazinform.com-მა.

ამ ინფორმაციას თავად კომპანიაც GLOBAL ARREDI-იც ადასტურებს და ვებგვერდ globalarredi.it-ზე აქვეყნებს აფხაზური მედიის სიუჟეტს მათ ვიზიტზე, სადაც ასახულია კომპანიის წარმომადგენლების  შეხვედრა გაგრის ე.წ. „ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე“ ალხაზ ბარციცთან  და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს იტალიური კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მდებარე რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იწყებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია „გლობალ არედი“ არის რუსული კომპანია, რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, მისი საკონტაქტო ინფორმაცია – მისამართი, ტელეფონი და საფოსტო ინდექსი ფიქსირებულია რუსეთის ფედერაციაში. მისი ფილიალი ან სხვა რაიმე ოფისი იტალიის ტერიტორიაზე არ იძებნება.

„კომპანიაში კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს იტალიელი, თუმცა ორგანიზაციის რაიმე კავშირი იტალიის რესპუბლიკასთან არ იკვეთება. იტალია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რომში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იტალიის საგარეო საქმეთა უწყებასთან.

მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ ინფორმირებულნი არიან ჩვენი იტალიელი პარტნიორები, იტალიის საგარეო საქმეთა სამინსიტრომ საქმის კურსში ჩააყენა ასევე თავისი საელჩო მოსკოვში. იტალიის საგარეო უწყება გმობს იტალიის მოქალაქე კერძო პირების უკანონო მოქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იტალიის საგარეო უწყება ყოველთვის პრევენციულად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლა და იქ უკანონო საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება იტალიის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ისჯება კანონით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close