fbpx
საზოგადოებაქართველები უცხოეთში

ვინ აფინანსებს რიონის ხეობის დარაჯებს? – ემიგრანტებმა კამპანია #მეგადავრიცხე დაიწყეს

უკანასკნელ დღეებში გაჩნდა კითხვები რიონის ხეობის მოძრაობის ფინანსების შესახებ. საკითხი დაფინანსების წყაროების შესახებ განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პროტესტმა გუმათიდან თბილისში გადმოინაცვლა, სადაც მათ ჰქონდათ ნაქირავები სცენა, გახმოვანების სისტემა, ეკრანები, დაბეჭდილი მაისურები და სხვა ატრიბუტიკა.

„რიონის ხეობის მცველები“ – მარიტა მუსელიანი და ვარლამ გოლეთიანი ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის შემოწირულებას იღებენ, თუმცა შემომწირველების ვინაობას არ იტყვიან.

„რაც ვნახე, 21 ათასი დაჯდა სცენა, ამაზე დიდი ხარჯი არ გვქონია და, ამასთან ერთად, ორგანიზაციის სახელზე არის „მინივენი“, რომლითაც გადავაადგილდებით“, – უთხრა მარიტა მუსელიანმა რადიო თავისუფლებას და დაამატა: „5 დოლარით და 10 ლარით გროვდება თანხები, ისეთმა ხალხმა ჩარიცხა, რომლებიც შრომობენ უკანასკნელი ოფლის ფასად და ისე გზავნიან. ამიტომ ასეთ თანხას თუ მიზნობრივად არ გამოვიყენებთ, უბრალოდ, უნამუსობა იქნება“, – უთხრა მან 28 მაისს რადიო თავისუფლებას და განმარტა, რომ ეს იქნება მათი პასუხი „შავ პიარზე“, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ წამოიწყო სხვადასხვა ჯგუფმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციას „დიდი ფულით“ აფინანსებენ და აქციის ორგანიზატორებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოქალაქეებმა ფეისბუქში დაიწყეს კამპანია #მეგადავრიცხე იმის დასამტკიცებლად, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი ნამდვილად სახალხო პროტესტია და მისი ერთადერთი დამფინანსებელი ხალხია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კამპანია #მეგადავრიცხეს ფარგლებში, ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა გადარიცხვები, იტალიაში მყოფი ემიგრანტი თეონა ბოტკოველია.

ჯგუფში „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო გაერთიანება“ თეონა ბოტკოველმა პოსტი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო ❗❗❗
ჩვენ, როგორც რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობის მხარდამჭერი კოლექტივი, რომელსაც არაერთხელ შეგვიგროვებია ფინანსები ამ ბრძოლის სხვადასხვა საჭიროებებისათვის, ვიწყებთ კამპანიას ჰეშთეგით #მეგადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის!

როგორც იცით, უკანასკნელ დღეებში გაჩნდა კითხვები რიონის ხეობის მოძრაობის ფინანსების შესახებ. მთავრობის მიერ დაფინანსებული ფეისბუქგვერდები და გარკვეული მედიები ამ მიმართულებით მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობენ. როგორც იცით, რიონის ხეობის მოძრაობას დღიდან დასაწყისისა, ფინანსურად და არამხოლოდ ფინანსურად, სხვადასხვა რესურსებით მხარში უდგანან ამ ბრძოლის მხარდამჭერები, მათ შორის, განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტები მთელი მსოფლიოდან“, – წერს თეონა ბოტკოველი.

რიონის ხეობის მცველები წელგამართულები არიან, როდესაც  ფინანსებზე საუბრობენ, რადგან მათი დაფინანსების დიდ ნაწილს სწორედ ემიგრანტების მიერ გაღებული შემოწირულება შეადგენს.

კიდევ ერთი საყურადღებო პოსტი, რომელიც პასუხს სცემს კითხვას – ვინ აფინანსებს რიონის ხეობის დარაჯებს?

„ერთ საღამოს ქალბატონმა დამირეკა, ემიგრანტთა ჯგუფის სახელით მოძრაობისთვის თანხის ჩარიცხვა გვინდაო. ვეცადე ამეხსნა, რამდენად უმძიმთ ხეობის დარაჯებს იმ რთული სამუშაო პირობებით გამომუშავებული თანხის მიღება, რა პირობებში ყოფნაც ემიგრანტებს უწევთ. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, თქვენი მხარდაჭერა ნებისმიერ შემოწირულობაზე მეტია-მეთქი.

ჩემს უარს გრძელი, არგუმენტირებული და გულწრფელი მონოლოგი მოჰყვა, რომლითაც ქალბატონმა ამიხსნა, რა აძლებინებთ მათ ამ რთულ პირობებში; რად ფასობს თითოეული ემიგრანტისთვის ქართული მიწა; რა საშუალებები აქვთ დარჩენილი ამ ღირებულებებისთვის საბრძოლველად და რამდენად სურთ, მოძრაობის ნაწილები გახდნენ.

ამ მონოლოგის შემდეგ კიდევ უფრო მეტი სისავსით დავფიქრდი ამ უჩინარ ხალხზე, რომელზეც უკვე 30 წელია, ქვეყნის ეკონომიკა დგას. მათზე ვფიქრობდით მაშინ, როცა ნამოხვანში მათი ფულით დამზადებულ საუზმეს მოზომილად ვამზადებდით; მაშინ, როცა პოლიცია მათი ფულით ნაყიდ კარვებს შლიდა; მაშინ, როცა აღდგომას მათი გამოგზავნილი უგემრიელესი პასკებით აღვნიშნავდით და მაშინაც, როცა ჩინოვნიკები რიონის ხეობის დარაჯების დაფინანსებაზე ქილიკობდნენ.

ჩვენ ხომ გვინახავს ის ფურცლები, რომელზეც შემომწირველთა სია კოხტადაა ჩამოწერილი. ჩვენ ხომ გაგვიგონია, როგორ მგზნებარედ ესაუბრებიან ორგანიზატორებს ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ აფინანსებს ამ საპროტესტო ტალღას და წარმოიდგინეთ, ამ ცოდნის ფონზე, რამდენად ამაზრზენი შეიძლება იყოს რიტორიკული კითხვები იდუმალ დამფნანსებლებზე.

დიახ, მეგობრებო, რიონელთა დამფინანსებლები არ ჩანან, ოღონდ არა ჩვენთვის, არამედ – ჩინოვნიკებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მათთვის, ვინც უკვე წლებია, არ ასაჯაროებენ საკუთარ შემოსავლებს, რიონის ხეობის დარაჯებს კი ლუკმებს უთვლიან. დიახ, ემიგრანტები არავის ახსოვს, მათ არსებობას არ აღიარებენ და, შესაბამისად, არც მათ წვლილს როგორც ქვეყნის, ისე – ამ მოძრაობის წინაშე.

ვინ აფინანსებს რიონის ხეობის დარაჯებს?

მათ აფინანსებენ საკუთარი სახლიდან გადახვეწილი ქართველები. მათ ვაფინანსებთ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ზოგჯერ ყავით, ზოგჯერ ერთი პურით და ზოგჯერ – ერთი პლედით. მათ აფინანსებენ საქართველოს უკეთეს მომავალში დაიმედებული ადამიანები. ალბათ ბევრისთვის ეს იმედიც ისეთივე უცხოა, როგორც უანგარობა, თუმცა არაუშავს, ეს მოძრაობა არა მხოლოდ რიონის ხეობას გადაარჩენს, არამედ ყველას – საკუთარი აპათიისა და სიძულვილისგანაც“, – წერს აქციის მონაწილე.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, სანამ ზუსტ ციფრებს გამოაქვეყნებენ, შეიძლება იმის თქმა, რომ ნახევარ წელიწადში, ძირითადად, ემიგრანტების დახმარებით რამდენიმე ათასი ლარი შეგროვდა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close