fbpx
კრიმინალისაქართველო

შეიარაღებული პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, დაკავებულია, შსს ინფორმაციას ავრცელებს

შეიარაღებული პირი, რომელიც ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში იყო შეჭრილი, დაკავებულია, გათავისუფლდნენ მძევლები, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„დღეს მოხდა ავლაბრის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე  თავდასხმა. თავდამსხმელი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია თავდამსხმელი, მძევლები გათავისუფლდნენ. დაზიანება არავის მიუღია. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობასა და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. არსებული წინასწარი ინფორმაციით, მას მძევლად ჰყავდა აყვანილი ბანკის 5 თანამშრომელი და რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც იმ დროს ბანკში იმყოფებოდნენ.

სირაძის კომენტარიდან ცოტა ხანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაცია გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგური “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი – 1993 წელს დაბადებული ნ. წ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ. წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close