„ქართული ოცნება“ დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს
ცალმხრივი ხელმოწერა „ქართული ოცნებიდან“ – ორი კვირის შემდეგ მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო.
ხელისუფლება მზადაა, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ ხუთ პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
პირობა ასეთია: ხუთივე პუნქტი შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს და ხელს მოაწერს ოპოზიციაც. ამ ნაბიჯით მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ შეთანხმების შანსი მას არ გაუშვია ხელიდან. საინტერესოა, რომ გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ში პარტიის თავმჯდომარის ვიზიტის პარალელურად გამოაცხადა. მიდგომა მისასალმებელია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომლებიც დოკუმენტის ხელმოწერისკენ მმართველ გუნდს ჯერ კიდევ უშედეგო მეორე რაუნდის დასრულებისთანავე მოუწოდებდნენ. იგივე გზავნილი აქვთ ახლა ოპოზიციის მისამართით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპონენტების დიდი ნაწილისგან უარი მიიღო.
დოკუმენტი, რომლითაც შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს თითქმის ექვსთვიანი კრიზისის დასრულება ესახება, ხუთ პუნქტს მოიცავს. ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ან იქამდე მისასვლელი გზა, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, მასში ნახსენები არ არის. ამ შემთხვევაში ავტორი ეუთო-ოდირის დასკვნას ეყრდნობა.
თუ „ქართული ოცნების“ შემდეგ შვედი დიპლომატის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს ოპოზიციაც მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ყველა პირზე ამნისტიის აქტი გამოიცემა, რაც ავტომატურად ნიკა მელიას გათავისუფლებასაც გულისხმობს.
დოკუმენტი ხელისუფლებას ავალდებულებს, გაატაროს ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა. მათ შორის იგულისხმება ცესკოს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევა პარლამენტის ორი მესამედით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შეჩერება.
დოკუმენტი კიდევ უფრო ზრდის საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიური სპექტრის როლს. ოპოზიციის ხელმოწერის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობის დათმობაც მოუწევს.
წყარო: 1tv.ge
ამავე თემაზე: ევროკავშირის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა – პარტიებს შორის „ისტორიული შეთანხმება“ ვერ შედგა
კომენტარები