fbpx
მედიცინაპოლიტიკა

ანგელა მერკელი „ასტრაზენეკათი“ აიცრა, რითაც სიგნალი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ ამ პრეპარატს ენდობა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 16 აპრილს AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა დიდი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა (Steffen Seibert) გაავრცელა ინფორმაცია.

მან აცრის სერტიფიკატის ფოტო, მერკელის ციტატასთან ერთად, ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აქტიურად მონაწილეობს ვაქცინაციაში და ყველას, ვინც აცრას იკეთებს. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების გასაღებია“, – აცხადებს მერკელი.

66 წლის კანცლერმა აცრა ბერლინის ყოფილი აეროპორტის, ტემპელჰოფის ტერიტორიაზე მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში ჩაიტარა. ამ ცენტრში ვაქცინაციისთვის მხოლოდ „ასტრაზენეკას“ პრეპარატს იყენებენ. ცენტრში დღეში 3000 ადამიანის აცრაა შესაძლებელი.

მერკელმა აცრა გაიკეთა, როდესაც მისი რიგი მოვიდა

„როცა ჩემი რიგი მოვა, მაშინ ავიცრები AstraZeneca-თი“, – ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა კანცლერმაა. გერმანიაში მწვავე საკითხია ვაქცინაციის რიგის თემა – ვინ უნდა აიცრას სხვებზე ადრე. გერმანელ პოლიტიკოსებს არ სურთ, საზოგადოების თვალში იმ ადამიანებად გამოჩნდნენ, ვინც სხვებზე ადრე აცრას ცდილობს, თუმცა ფორმალურად მათ ამის გაკეთებას ხელს არაფერი უშლის, როგორც კანცლერის შემთხვევაში.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაირი კი ბერლინის სამხედრო ჰოსპიტალში აიცრა აპრილის დასაწყისში, აგრეთვე, შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით. 65 წლის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ენდობა იმ ვაქცინებს, რომლებიც გერმანიაშია დაშვებული.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი ვინფრიდ კრეჩმანი. 72 წლის პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ AstraZeneca-ს პრეპარატს ენდობა.

AstraZeneca-ს ვაქცინის გარშემო გერმანიაში დისკუსია წარმოიშვა. თავიდან ნებადართული იყო ამ პრეპარატით მხოლოდ 60 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანების აცრა, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება მის ეფექტიანობაზე 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. შემდეგ გამოჩნდა შემაშფოთებელი ცნობები იშვიათი, თუმცა სერიოზული გვერდითი ეფექტების – კერძოდ, თრომბოზის შემთხვევების შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებში, ამიტომ საბოლოოდ გადაწყდა, რომ „ასტრაზენეკათი“ მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები აცრან. და აი, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის პოლიტიკოსები ამ პრეპარატით იცრებიან. ასევე მოიქცა კანცლერი, რითაც სიგნალი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ არსებული განწყობების მიუხედავად ამ პრეპარატს ენდობა.

რაც შეეხება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, მან ვაქცინის პირველი დოზა 15 აპრილს მიიღო. 62 წლის ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი ვაქცინაციის სერტიფიკატის ფოტო Twitter-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ძალიან ბედნიერია“, რადგანაც „რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო სწრაფად დავამყარებთ კონტროლს პანდემიაზე“. სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი, როცა მისი რიგი მოვიდა, ბელგიაში აიცრა  Biontech/Pfizer-ის პრეპარატით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close