fbpx
საზოგადოება

განკითხვა დამღუპველია… ადამიანი არ შეიძლება, იყოს უცოდველი – ილია მეორე

განკითხვა დამღუპველია, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და თავის ცოდვებს იმძიმებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის შესრულებისას განაცხადა.

პატრირქმა მრევლს ლოცვისკენ, გაჭირვებული ადამიანების დახმარებისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.

„დღეს არის დღე, რომლის დროს ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერად, უნდა დატოვოს განკითხვა და შეუდგეს სულიერ აღმავლობას. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება – ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, ყველაფერ ამას ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ არასაკმარისად. ღმერთო, მოგვანიჭე ჩვენ განცდა ჩვენთა ცოდვათა და არა განკითხვა ჩვენისა ძმისა.

ამდენი წელია, ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამდენი წელია, მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს. როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს თავის ცოდვებს. წმინდანებს ეკითხებიან, რა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ? წმინდა მამები პასუხობენ – ილოცე და იშრომე. ჩვენც უნდა შევასრულოთ, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენ გარშემო, ჩვენს ოჯახებში, სამსახურში, ჩვენს ხალხში… მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. მათ შორის, სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის. მე მითქვამს თქვენთვის, რომ ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმე ცოდვად, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანი არ შეიძლება, იყოს უცოდველი. ადამიანს გონებაში ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს მას განცდა თვისთა ცოდვათა, ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს, ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის.

მინდა, გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, მადლობა უფალს, რომ გვაძლევს სულიერებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდანად და სხვებს – ცოდვილად. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე“, – განაცხადა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა შენდობის ლოცვის შესრულების შემდგ მრევლს კურთხევა მისცა, მარხვის პერიოდში შვიდგზის ლოცვები წაიკითხონ.

„რა უნდა ვაკეთოთ ამ დიდ მარხვაში – გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვები. იქ, ფსალმუნში და ლოცვებში მოცემულია დიდი მადლი. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველდღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისა. ჩვენი მორწმუნე ხალხი უნდა მივიდეს მოძღვართან და სთხოვოს ვრცელი აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალი ერსა თვისასა და აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

წყალობა და მადლი ღვთისა იყოს განწმენდილი ჩვენი ცოდვებისგან ჩვენი ხალხისა. შევთხოვ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, სთხოვოს მამა ზეციერს, რათა შენდობა მოგვანიჭოს და ჩასწეროს ჩვენი სახელები წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა, მშვიდობა და სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენ ზედა. ღმერთმა შეგინდოთ ყოველი შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩემო სულიერი შვილებო, მეც შემინდეთ ცოდვები, რაცა მაქვს. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close