მედიცინასაზოგადოება

3 მითი ვაქცინაციის შესახებ – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის განმარტება ყველასთვის გასაგებ ენაზე

აშშ-ში მცხოვრები ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი საქართველოში ვაქცინის შემოტანას ეხმაურება.

„ვაქცინაციის დაწყება არის პანდემიის დასრულების დასაწყისი. გილოცავთ!

ამ ერთ პოსტსაც დავდებ ვისაც სურვილი აქვს, რომ რეალური სამედიცინო ფაქტები გაიგოს რიგითი ადამიანის (არა ექიმისთვის) გასაგებ ენაზე. იმედია ნაკლებად მოუსმენენ ინტერნეტ-შამანებს, რომლებიც შარშან გამოიჩეკნენ ამ სფეროში და მათ მიმართ ყურადღების დეფიციტის შესავსებად ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დეფორმირებული ინფორმაცია, რომელიც უფრო მეტად სენსაციურად ჟღერს (და მათ პოპულარობას უწყობს ხელს) – მიაწოდონ მოსახლეობას.

მე უფრო იმ ხალხის გამკვირვებია, რომლებიც ამ შამანებს უსმენენ, და არა იმ ექიმებს და მეცნიერებს, რომლებიც 10, 20 და ზოგიერთი 40+ წელი სწავლობენ მედიცინას და ლეგიტიმური ცოდნა აქვთ სფეროში.

მითი #1: „ასტრაზენეკა ცუდი ვაქცინაა, ევროპამ მისი გამოყენება შეაჩერა“ – მტკნარი ტყუილი (და სოციალურ ქსელში არსებული ახალი ამბების დეფორმირებული და მცდარი ინტერპრეტაცია).

პრეპარატის ან ვაქცინის დროებით დაპაუზება აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც ნებისმიერი წამლის გამოყენებისას ხდება პრაქტიკაში, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანას ამისთვის განკუთვნილი კანონმდებლობა განსხვავებული აქვს (და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი საკმაოდ მოძველებული და ხისტი აქვს ეს კანონმდებლობა). ზოგი აჩერებს, ზოგი მიმდინარედ აკვირდება, და ასე შემდეგ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი – ვაქცინაციის შეჩერება უფრო მეტი სიცოცხლე დაგვიჯდება (ის თრომბოზის სავარაუდო შემთხვევები მართალიც რომ გამომდგარიყო უარეს შემთხვევაში), თუ ვაქცინაციის გაგრძელება და შედეგად გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა.

მინდა ასევე გითხრათ, რომ მე პირადად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომბოზული გართულება მაქვს ნანახი თვითონ კოვიდისგან, ვიდრე ასტრაზენეკას ვაქცინით მილიონობით აცრილ ადამიანში ჯამში აღწერილი „სავარაუდო შემთხვევები“ (რომელიც ბოლოს დამტკიცდა, რომ არ ყოფილა კავშირში). დარწმუნებული ვარ, ასევეა არაერთი ჩემი კოლეგა საქართველოშიც, ვინც კოვიდიან პაციენტებს ნახულობს. ასე რომ, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით მეტი თრომბოზი გველის კოვიდისგან, ვიდრე ვაქცინისგან.

მითი #2 – ვაქცინა კლავს, ბევრი ცუდი გართულება აქვს, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში ალერგია.

პენიცილინს, რომელიც თითქმის ყველა ჩვენთაგანს აქვს მიღებული, ახასიათებს ანაფილაქსია 10000 ადამიანში 2-დან 5 შემთხვევამდე. ის ალერგიული რეაქცია, რომელიც ვაქცინებს აქვს მილიონში 2-5-მდე.

ანუ პენიცილინს 100-ჯერ უფრო ხშირი გართულება აქვს ვაქცინის ყველაზე ცუდ გართულებაზე! ყოველ წელს პენიცილინის უეცარი ალერგია 500 ადამიანს კლავს აშშ-ში. რატომ ვაგრძელებთ მის გამოყენებას? და რატოა პენიცილინი გასული საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა მედიცინაში? იმიტომ, რომ ყოველ წელს 500 უიღბლოს თუ კლავს – მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ინფექციებისგან.

ანალგინი – რომელიც ასევე თითქმის ყველას გვაქვს „ნაყლაპი“ (უკაცრავად ჟარგონზე) ჩემი ჩათვლით, ვაქცინის ალერგიაზე 1 000-ჯერ უფრო ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება აგრანულოციტოზი (ძვლის ტვინის ფუნქციის დაკარგვა), რის გამოც იგი წლებია აკრძალულია (და არა 2 კვირით დაპაუზებულია) აშშ-ში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ასე შემდეგ.

ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი სააფთიაქო ყუთიდან ამოიღოთ ანალგინი, დახედეთ რამოდენიმე წამი და შემდეგ გადაწყვიტეთ, რომლის მიღება გირჩევნიათ – ანალგინის თუ ვაქცინის.

ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ მათთვის, ვისაც ეს მათემატიკა და „ნულიანები“ აბნევს. ამაზონის ჯუნგლებში ან აფრიკის საჰარაში თუ მოგზაურობთ რკინის გისოსებით გადახურულ „ჯიპით“, შეიძლება მძღოლი ხეს დაეჯახოს და ამის შედეგად ხალხი დაიღუპოს. ალტერნატივაა ფეხით იაროთ (ხეს სასიკვდილოდ ვერ დაეჯახებით ფეხით მოსიარულე), თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი შანსია ლომის ან სხვა რომელიმე მტაცებლის სადილი გახდეთ ხო? აქედან გამომდინარე, რკინის გისოსებიან ჯიპს ირჩევს ნებისმიერი ჭკუათმყოფელი. ჰოდა, აქ ჯიპი ვაქცინაა და უვაქცინობა ფეხით სიარული კოვიდის პანდემიის ჯუნგლებში.

მითი #3 ვაქცინა სულ რაღაც თვეების შექმნილია, და არავინ იცის, რა გართულებები ექნება მომავალში.

უკაცრავად, ჯერ ერთი კორონავირუსიც სულ ახალი ვირუსია, და მისი დამართვის შედეგადაც (თუ არ მოკვდი) არავინ არ იცის, რა გართულებებს დატოვებს შორეულ მომავალში… უფრო სწორედ ვიცით – ის ნამდვილად ტოვებს პოსტ-კოვიდურ გართულებებს. უახლესი გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, ლანცეტში ინფექციიდან 6 თვის მერეც კი 76%-ს ანუ ოთხიდან სამ ადამიანს (უმეტესობას!) მინიმუმ ერთი დარჩენილი სიმპტომი ჰქონდა, მათ შორის ორგანული დაზიანებები გულში, ფილტვში, ტვინში, ზოგიერთი კონკრეტული სიმპტომები იყო დაღლილობა და სისუსტე – 63%, უძილობა – 26%, დეპრესია და შფოთვა 23%, თმის ცვენა 22%, და ასე შემდეგ. ვაქცინაციას არ ახასიათებს ასეთი გვერდითი ეფექტები. 6 თვეზე მეტი გავიდა, რაც ათიათასობით ადამიანი აიცრა საწყის კვლევებში და ეს ფაქტია, რომ ასეა და არა – ვარაუდი ან იმედი.

რაც შეეხება იმას, თუ „წლების მერე რას დატოვებს“ ვაქცინა. ისევ და ისევ – ამაზე ნერვიულობს ძირითადად ის ხალხი, ვინც არ იცის იმუნოლოგია და ფიზიოლოგია. საქმე იმაშია, რომ ვაქცინა თავის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში უკვე ახალს არაფერს ჰმატებს ორგანიზმს, ანუ თუ რამე „მოსახდენი იყო, აქამდე მოხდებოდა“ 99.99% შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს კვლევები რომ ჩატარდა და დასრულდა 2020-ში, საკმარისია, რომ უსაფრთხოდ ავცრათ მოსახლეობა.

რა თქმა უნდა, სიტყვა „უსაფრთხო“ ფარდობითია და თქვენ თვითონ ნახეთ პენიცილინის და ანალგინის მაგალითი, მაგრამ ერთი რამ, რაც მსოფლიო მედიცინას შეუძლია თქვას ამ ეტაპზე არსებული ცოდნით, რომ დამტკიცებული და კოვიდის ხარისხიანი ვაქცინა პენიცილინზე და ანალგინზე უსაფრთხოა გინდ გართულებებით, გინდ სიკვდილიანობით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გაქვთ – გთხოვთ, ფაქტებით მესაუბროთ და არა ემოციებით და შამანების პოსტების გაზიარებით.

ჯანმრთელობას და დროულად აცრას გისურვებთ!“ – წერს მრელაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close