fbpx
საზოგადოებასაქართველო

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში შეხლა-შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები (ვიდეო)

ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი მოწყდა და 6 ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ფორმულას“, POSTV-ის, „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, 1 კი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

დაპირისპირება მოჰყვა დახურულ სხდომას, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განიხილებოდა ორი სასულიერო პირის, დიაკვნების – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი, რომლებიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპილიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, ეპარქიის ახალ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.

სხდომის პარალელურად რეზიდენციაში შეკრებილი იყო ჭყონდიდის ყოფილი მმართველის, მეუფე პეტრე ცაავას მრევლი. პროტესტანტი მრევლის ნაწილი იმ ოთახში ცდილობდა შესვლას, სადაც შეხვედრა  მიმდინარეობდა, სასულიერო პირებმა პეტრე ცაავას მრევლი ოთხში არ შეუშვეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს რეზიდენციის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ამ დროს აივანის ხის მოაჯირი მოწყდა და იქ მყოფი ადამიანები სიმაღლიდან გადაცვივდნენ.

 

ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში არც ამ ინციდენტის შემდეგ განიმუხტა.

როდესაც მეუფე სტეფანე რეზიდენციის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობდა,  მრევლი მას გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. მრევლის მხრიდან ისმოდა შეძახილები: „წადი“ „ახალი რუის-ურბნისი საქართველოში“. მათი მოთხოვნით, საქართველოში ახალი საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ ინციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს.

ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს ადამიანები კონკრეტული ძალის მიერ არიან მართულნი და რაც დღეს ეპარქიაში ხდება, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რეზიდენცია პოლიციის კორდონის დახმარებით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანეს მეუფე გრიგოლი, რომელიც რამდენიმე თვეში კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდა, მის ნაცვლად კი  ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე დაინიშნა.

რაც შეეხება ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს, მას მღვდელმოქმედება ციანიდის საქმის გარშემო დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, 2019 წლის 31 სექტემბერს შეუჩერეს და მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნეს.​

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close