იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

„წითელი ზონების“ რიცხვი იზრდება

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ Covid-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა იტალიაში 100 ათასს გადააჭარბა. დღეს საღამოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში კოვიდ-19-მა ქვეყანაში კიდევ 318 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 100 103-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით პირველი პაციენტი, ვო ეუგანეოს (პადუის პროვინცია, ვენეტოს რეგიონი) მცხოვრები 78 წლის ადრიანო ტრევიზანი გასული წლის 22  თებერვალს გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 13 902 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ჩატარდა 184684 ტესტი) და შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 3 081368-ს მიაღწია (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით). გუშინ 20 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა (ჩატარდა 271 336 ტესტი). პოზიტიურობის მაჩვენებელი ერთ დონეზეა: დღეს – 7,5%, გუშინ – 7,6%.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დროისთვის 2700 პაციენტია მოთავსებული, რაც 95-ით მეტია გუშინდელთან შედარებით. იტალიის 11 რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა კოვიდ-პაციენტებით კრიტიკულ ზღვარს (30%) აჭარბებს, მათ შორის, ყველაზე მაღალია უმბრიაში (58%), ტრენტოს ავტონომიურ პროვინციაში (52%) და მარკეში (42%). კრიტიკული ზღვრის გადაჭარბების შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს უძნელდებათ დახმარება გაუწიონ პაციენტებს, რომლებსაც კოვიდი არ აქვთ და სხვა დაავადებების გამო საჭიროებენ რეანიმაციულ ღონისძიებებს.

ამასობაში რეგიონები გაიყო მათ ტერიტორიებზე ლოკალური  წითელი ზონების გამო. ინფექციის გავრცელების შესაკავებლად, რასაც ვირუსის ახალი მუტაციები იწვევს, უფრო მკაცრი შემზღუდავი ზომების შემოღების ჰიპოთეზასთან დაკავშირებით რეგიონების პრეზიდენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, იმ ფონზე, როდესაც რეგიონებს შორის იზრდება ლოკალური წითელი ზონები: დღეიდან წითელი ზონის სტატუსი მიიღო ნეაპოლმა, ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით კი ფერმოსა და პეზარო ურბინოს პროვინციები „გაწითლდება“. მათი ბედი შესაძლოა პიემონტმაც გაიზიაროს.

ვენეტოს პრეზიდენტი ლუკა ძაია გაფრთხილებას იძლევა, რომ ამ დროისთვის რეგიონში ნარინჯისფერი ზონისთვის გათვალისწინებული ზომების გარდა არანაირი დამატებითი შეზღუდვა არ იქნება. ლიგურიის პრეზიდენტი ტოტი კი ამბობს, რომ ზომების გამკაცრების „კატეგორიული წინააღმდეგია“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close