fbpx
პოლიტიკასაქართველო

რა შეზღუდვები იხსნება საქართველოში 8 და 15 თებერვლიდან – მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი რესტორნები განაახლებენ მუშაობას ღია სივრცეში

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, მეტრო და სამარშრუტო ტაქსები), შაბათ-კვირის გარდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად გიხსნება, აგრეთვე, ღია და დახურული ბაზრობები, ხოლო 15 თებერვლიდან – კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები განაახლებენ მუშაობას ღია სივრცეში, თუმცა შაბათ-კვირას ბაზრობებიც და კვების ობიექტებიც დაკეტილი იქნება.

15 თებერვლიდან მოსწავლეები, ისევე როგორც საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას, თუმცა მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილისამებრ აირჩიონ დისტანციური სწავლება.

ამასთან, ამ ეტაპზე ამ ეტაპზე კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები არ გაიხსნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა) ოთხ პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფატსაც, რომ რაც უფრო მეტი შეზღუდვა იხსნება, მით მეტია თითოეული მოიქალაქის პასუხისმგებლობა, დაიცვას არსებული წესები, რათა დღის წესრიგში არ დადგეს შეზღუდვების ისევ გამკაცრების აუცილებლობა.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით, შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწოთ ხელი ეკონომიკასა და ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით.

ამასთან, ძალაში რჩება ღამით გადაადგილების  შეზღუდვა 21:00-იდან 05:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად მოსიარულეთათვის.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება რკინიგზის და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, რომელიც 28 ნოემბრიდან შეჩერებულია. რეგიონებს შორის დაშვებულია მხოლოდ ტაქსით ან პირადი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.

რაც შეეხება დაავადების სტატისტიკას, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 16 605 ტესტიდან კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა (3.51%). აღსანიშნავია, რომ წინა დღესთან შედარებით 813-ით მეტი ტესტი გაკეთდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 105-ით ნაკლებია. გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 19 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 671-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა, სულ აღრიცხულია  ლაბორატორიულად დადასტურებული 260 480 შემთხვევა, მათგან 251 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3240 კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close