პოლიტიკასაქართველო

საქართველომ რუსეთს მოუგო 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე, თუმცა ციცერონის მაქსიმა ისევ „ძალაშია“

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ამავე სასამართლოს 3 მოსამართლე

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

„სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს. მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ.

სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო ამავე საკითხთან დაკავშირებით შესულ ინდივიდუალურ საჩივრებს განიხილავს.

თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ მოსამართლე ანა იუდკოვსკაია სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

როგორც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო.

მოსამართლე ანა იუდკოვსკაია წერს, რომ არგუმენტებს იგი, კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან.

„Silent enim leges inter arma“ („ომის დროს კანონი დუმს“) – ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში მარკუს ტულიუს ციცერონის მიერ დაწერილი ეს ლათინური მაქსიმა ამ სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადასტურა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და, პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას…“ – წერს სტრასბურგის სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე.

„ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, – აღნიშნულია მოსამართლის განცხადებაში.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, მოისმინა მტკიცებულებები 33 მოწმისგან.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ერთხელ უკვე მოიგო საქმე, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

დეპორტირებულთა საქმის სახელმწიფოთაშორის საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2014 წელს გამოაცხადა, ხოლო 2019 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close