fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე. წ. ბრიტანული შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე. წ. ბრიტანული შტამის – B117-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ახალ შტამზე სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, რომელთაგან ორის პასუხი უარყოფითი იყო, მესამე შემთხვევაში S გენის მუტაცია დადასტურდა, რაც ე. წ. ბრიტანული შტამისთვის არის დამახასიათებელი. ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია. იგი იზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად  გრძნობს. მისი კონტაქტები დადგენილია.

პაატა იმნაძის თქმით, მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. იგი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას, თუმცა ცნობილია, რომ მამაკაცი ბრიტანეთში არ ყოფილა. იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებული, პრაქტიკულად, უკვე გამოჯანმრთელებულია.

აღსანიშნავია, რომ სამივე პაციენტს ტესტირება დეკემბრის შუა რიცხვებში ჩაუტარეს.

როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, ახალი შტამი წინასთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას არ იწვევს და არც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, თუმცა არსებულ შტამთან შედარებით უფრო გადამდებია (ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, თითქმის 56%-ით), ამიტომ უსაფრთხოების ზომების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია SARS-CoV2-ით ინფიცირების 229 763 შემთხვევა, 222 405 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2628 კი – გარდაიცვალა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close