ქართველები უცხოეთშიარტისტი

მასავით ჰოლივუდში არცერთ ჩვენს თანამემამულეს არ გამართლებია – ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავის ისტორია

პოლ ნიუმენი, ჯონ კელი, ჯული ენდრიუსი, გრეგორი პეკი – ეს ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ქალის, თამარ თუმანოვას კინოპარტნიორების არასრული ჩამონათვალია.

მას წილად ხვდა გენიალურ რეჟისორთან, ალფრედ ჰიჩკოკთან თანამშრომლობაც და მის ფილმში – „დახეული ფარდა“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინა. მისი დებიუტი სცენაზე კი 9 წლის ასაკში პარიზში შედგა.

თამარ თუმანოვა 40-იანი წლების ქართველი ვარსკვლავია. მასავით ჰოლივუდში არცერთ ჩვენს თანამემამულეს არ გამართლებია. დღეს ჩვენ სწორედ მის ამბავს გიამბობთ.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ემიგრაციისგან თავის დასაღწევად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი – ფეხმძიმე ევგენია თუმანიშვილი და კონსტანტინე ხაზაროვი მატარებელში ჩასხდნენ და გეზი ჩინეთისკენ აიღეს. გზად მამაკაცს მწვავე ინფექცია შეეყარა და გარდაიცვალა. მარტო დარჩენილ ევგენიას ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. გოგონა, თამარი, ქვეყანას მატარებელში მოევლინა. ქალმა მას თავისი გვარი მისცა.

ევგენიამ მატარებელში გაიცნო კაცი, რომელმაც დაქვრივებული ქალის ქმრობისა და ბავშვის მამობის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ისინი ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ პარიზში აფარებდნენ თავს.

აქ იწყება გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვა. მას აუყვანეს ფორტეპიანოს, ქორეოგრაფიისა და ბალეტის ცნობილი პედაგოგები. თამარი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ბალეტს ეკიდებოდა და ეს უყურადღებოდ არც მის მასწავლებლებს დარჩენიათ. იგი 9 წლის ასაკში მონაწილეობდა პარიზის სცენაზე დადგმულ ბალეტში “L’ Evantail de Jeann“. სწორედ აქ შეამჩნია ის დიაგილევის საბალეტო დასის ახალდანიშნულმა მთავარმა ქორეოგრაფმა გიორგი ბალანჩივაძემ (ჯორჯ ბალანჩინი) და თამარს თავის დადგმაში მონაწილეობა შესთავაზა. ამ დღიდან იწყება აღმასვლა გოგონას კარიერაში.

1939 წელს, მას ბალანჩინმა ნიუ-იორკში გამგზავრება ურჩია და ოჯახმაც გადაწყვიტა, საცხოვრებლად ამერიკაში გადასულიყო, მანამდე კი გვარის შეცვლა და მამინაცვლის, ვლადიმერ ხასიდოვიჩის გვარის მიღება გახდა საჭირო, რათა საზღვარი უპრობლემოდ გადაეკვეთათ.

აშშ-ში მან რამდენიმე საბალეტო სკოლასთან დაიწყო თანამშრომლობა, თუმცა ბალეტს კინოვარსკვლავობა არჩია და ბედი ჰოლივუდშიც სცადა. მისი დებიუტი შედგა ჟაკ ტერნერის ფილმში – „დიდების დღეები“, რასაც შემდეგ მოჰყვა: „ანა პავლოვა”, „ჩემს გულში“, „შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება“ და სხვ. მისი 30-წლიანი ჰოლივუდური ცხოვრება უამრავ როლსა და წარმატებას ითვლის.

განსხვავებით კარიერისგან, წარუმატებლად მიიჩნევენ მის პირად ცხოვრებას. თამარი 1944 წელს ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონს გაჰყვა ცოლად, თუმცა ოჯახი 10 წელიწადში დაინგრა. ამის შემდეგ ის აღარ გათხოვილა და არც მემკვიდრე დარჩენია.

თამარი 1996 წლის 29 მაისს გარდაიცვალა,  77 წლის ასაკში.

ანდერძის თანახმად, მისი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა და ერთ-ერთ საბალეტო სკოლას გადაეცა. იგი დაკრძალულია დედის, ევგენია თუმანიშვილის გვერდით ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე.

თამარა თუმანოვა და გრეგორი პეკი ფილმში „დიდების დღეები“, 1944 წ. ფოტო: liveinternet.ru

წყარო: digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close