მედიცინაპოლიტიკა

ესპანეთი იმ ადამიანების რეესტრს შექმნის, რომლებიც კორონავირუსის აცრაზე უარს იტყვიან

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილას განცხადებით, ესპანეთი იმ ადამიანთა რეესტრს შექმნის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს იტყვიან და ამ სიას ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სალვადორ ილას განმარტებით, ეს სია საზოგადოებისა და დამსაქმებლებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

მისივე თქმით, ვირუსის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ „ყველა ჩვენგანის ვაქცინაციით – რაც მეტი ადამიანის, მით უკეთესი“.

ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით, რომელიც ევროკავშირმა გასულ კვირაში დაამტკიცა.

ტელეარხ La Sexta-სთან ინტერვიუში ორშაბათს ილამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება: „რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება რეესტრი, რომელსაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გადავცემთ  … იმ ადამიანებისა, რომლებსაც აცრა შესთავაზეს და მათ უარი თქვეს“, – განაცხადა ილამ ინტერვიუში.

მისივე თქმით, „ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდება, არამედ ის პირადი მონაცემების მაქსიმალური დაცვით იქნება შექმნილი“.

ჯანდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ „ადამიანები, რომლებსაც თერაპიას სთავაზობენ და ისინი უარს ამბობენ რაიმე მიზეზით, აღნიშნულები იქნებიან რეგისტრაციის ჟურნალში … რომ სისტემაში არ არის ხარვეზი, რომლის გამოც მოქალაქეს ვაქცინაციის შესაძლებლობა არ მიეცემა“.

სხვა ინტერვიუში ილამ აღნიშნა, რომ „ადამიანებს რეგიონული ადმინისტრაციიდან დაუკავშირდებიან, როცა მათი აცრის რიგი მოვა. აცრაზე უარის თქმა მოქალაქის უფლებაა. … ჩვენი მხრივ, ვეცდებით, ეჭვები გავფანტოთ, აცრები სიცოცხლეს გადაარჩენს, ეს არის პანდემიიდან გამოსვლის გზა“.

ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, 28%-მდე შემცირდა (შედარებისთვის, ნოემბერში აცრის მოწინააღმდეგე იყო გამოკითხულთა 47%).

ესპანეთი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ევროპაში  – სულ აღრიცხულია ინფიცირების 1 894 072 შემთხვევა (ამ მაჩვენებლით ის მეოთხეა ევროპაში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ); გარდაიცვალა 50 122 კოვიდინფიცირებული (ესპანეთი ამ მაჩვენებლითაც მეოთხეა ევროპაში იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდეგ).

ესპანეთში მაისის დასაწყისამდე მოქმედებს კომენდანტის საათი 23:00-იდან 06:00 სთ-მდე. რეგიონების ლიდერებს უფლება აქვთ, შეცვალონ კომენდანტის საათის დრო ან ჩაკეტონ თავიანთი რეგიონის საზღვრები. 

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close