მსოფლიოnews

ძლიერი მიწისძვრის შედეგად ხორვატიაში ერთი ბავშვი დაიღუპა (ვიდეო)

6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ხორვატიაში დღეს, 11:19 სთზ-ზე (თბილისის დროით 14:19 სთ). ეპიცენტრი ქალაქ პეტრინიასთან მდებარეობდა, ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით, იმავე რეგიონში, რომელიც გუშინ უკვე დაზარალდა მიწისძვრით. ჩამონგრეულ შენობებს შორის არის ადგილობრივი საავადმყოფო და საბავშვო ბაღი, სადაც ნგრევის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა. შეშინებული მცხოვრებლები ქუჩაში გამოცვივდნენ.

კიდევ ერთი დაშავებული უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს ნანგრევებიდან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპული ბავშვის დედა შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიწისძრვრის კერის სიღრმე 10 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მთელ ხორვატიაში, აგრეთვე, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სლოვენიაში, სერბეთსა და იტალიაში (ადრიატიკის სანაპიროზე, ტრიესტიდან აბრუცომდე).

ამავე რაიონში გუშინაც მოხდა 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა. ეპიცენტრი ზაგრებიდან 46 კმ-ში მდებარეობდა, ფოკალური სიღრმით 2 კმ. გუშინდელმა მიწისძვრამ შენობები დააზიანა, თუმცა ბუნებრივ კატაკლიზმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად ქალაქი პეტრინია სერიოზულად დაზარალდა, განსაკუთრებით, ქალაქის ცენტრი. ნანგრევების გასატანად და მოსახლეობის დასახმარებლად ქალაქში ხორვატიის არმიის 300-მდე სამხედრო ჩავიდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები ახლომდებარე ქალაქებში – სისაკსა და გლინაშიც.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„პეტრინიის გზაზე, სისაკ-მოსლავინას ოლქში, კიდევ ერთი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც მთელი ხორვატიის მასშტაბით შევიგრძენით, ჩვენ მობილიზება გავუკეთეთ ყველა ხელთ არსებულ სერვისს ხალხის დასახმარებლად და დანგრეული ტერიტორიების გასაწმენდად. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა“, – წერს პლენკოვიჩი ტვიტერში.

პრემიერი ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც ხორვატიას ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებლივი დახმარება აღუთქვა.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close