პოლიტიკასაქართველო

პარლამენტმა ახალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას. რეგისტრაცია სულ 85-მა დეპუტატმა გაიარა, ახალი მთავრობა ზუსტად ამდენი ხმით დამტკიცდა. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ დეპუტატია.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა და 2021-2024 წლების პროგრამა: „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“.

„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის თითქმის უცვლელი შემადგენლობა და პროგრამა 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – იუსტიციის მინისტრად წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი უნდა შეცვალოს.

ახალი მინისტრთა კაბინეტი ასეთია:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათია თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

დღევანდელ სხდომას ოპოზიციის 60 დეპუტატიდან არავინ ესწრებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა. ზღვარგადალახული 8-ვე ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ მათ მმართველმა პარტიამ არჩევნები გაუყალბა.

radiotavisufleba.ge

p. s. გიორგი გახარიამ დაადასტურა რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ.

მისი თქმით, ეს პროცესი პროცედურულ საკითხებთან – შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებასთან არის დაკავშირებული და „თებერვალს არ გასცდება“.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2018 წლის ივნისში მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით შეუერთდა. უფრო ადრე კულტურისა და სპორტის სამინისტროებიც დამოუკიდებელი უწყებები იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close