fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალია: ახალშობილი ბებიაქალის პირბადეს ხელით ჩაეჭიდა – სიმბოლური ფოტო წინასაშობაოდ

სასარის სამშობიაროში გადაღებული ფოტო მედიას იპყრობს

7,5 თვის მატია კოლომბინო იტალიურ მედიას იპყრობს – სწორედ ამდენისაა დღეს ახალშობილი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. ფოტო გადაღებულია 7 მაისს და გაზეთმა Eco di Bergamo-მ დღეს გამოაქვეყნა პირველ გვერდზე, როგორც კოვიდ-19-ის პანდემიით აღნიშნული 2020 წლის სიმბოლური სურათი.

ფოტოზე ახალშობილი მატია კოლომბინო, რომელიც ეს-ესაა ქვეყანას მოევლინა სასარის სან პიეტროს საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, ხელით არის ჩაჭიდებული ბებიაქალის, ჯანფრანკა ფიორის ქირურგიულ პირბადეს. ფიორიმ ბავშვი ხელში აიყვანა მას შემდეგ, რაც მშობიარობა მიიღო. საიტ vistanet.it-ზე გამოქვეყნებული ფოტო Eco di Bergamo-ს დირექტორმა იპოვა და გაზეთმა ის შობის წინა დღეს გამოცემის პირველ გვერდზე განათავსა.

ამ ფაქტმა მატიას დედა, მარტინელა კამპუსი და მამა, სტეფანო კოლომბინო ფრიად გაახარა.

„მატიას დაბადება თავისუფლების მომენტი იყო ჩემი მეუღლის გარეშე პალატაში გატარებული 3 დღის შემდეგ, – იხსენებს ბედნიერი დედა, რომლისთვისაც ბიჭუნა პირველი შვილია. – როცა მე და ჩემი მეუღლე ისევ შევხვდით ერთმანეთს, ტირილი დავიწყეთ“.

ბებიაქალი ჯანფრანკა ფიორი თავის მრავალწლიან პროფესიულ პრაქტიკაში მსგავს ეპიზოდს ვერ იხსენებს: „ეს მოულოდნელი რეაქცია იყო, – ამბობს იგი, – სიურპრიზი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, რომლებსაც უნდოდათ, სამუდამოდ აღებეჭდათ ეს მომენტი“. იგი იმედოვნებს, რომ „ბერგამოს გაზეთის ეს არჩევანი კარგი ნიშანია აღორძინებისთვის“.

კმაყოფილი დარჩა Sassari Aou-ს მეან-გინეკოლოოგიის საოპერაციო განყოფილების დირექტორი სალვატორე დესოლეც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close