fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველომ ვაქცინის მისაღებად მზადება დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს ე. წ. კოვაქსის პლატფორმაზე ვაქცინას, საქართველოსთვის ის ხელმისაწვდომი იქნება.

გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია, ვინაიდან დღევანდელი მოცემულობით, არცერთ მარეგულირებელს ვაქცინა არ დაუმტკიცებია.

„ეს იქნება თებერვალში, მარტში, ჯერ დაბეჯითებით ამის თქმა არ შემიძლია, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ დაამტკიცებს კოვაქსისის პლატფორმაზე ამ სამი თუ ოთხი ვაქცინიდან რომელიმეს, თუმცა ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, რომ თუ უფრო ადრეულ ეტაპზე იქნა ვაქცინა ხელმისაწვდომი, ჩვენთანაც უფრო ადრე იყოს ის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინა, რომელსაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ამასთან, მან ლოჯისტიკური პრობლემებიც განმარტა.

„მოგეხსენებათ,ვაქცინის გადატანა საკმაოდ რთული საკითხია. განსაკუთრებით Pfizer-სა და Moderna-ს ლოჯისტიკის გართულებული მექანიზმები აქვთ, რისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით. ისინი შენახვისთვის -70-ს ერთი და მეორე -20 გრადუსს საჭიროებენ. ამიტომ ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, რომ ამ ტიპის სამაცივრე აღჭურვილობით იყოს მომზადებული ქვეყანა“.

მისი თქმით, საქართველოს ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეკვეთილი აქვს, რაც დაახლოებით 700 000 მოქალაქეა.
„ყველა ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, 3-4 კვირის გამოტოვებით, ამიტომ 20%-ის მოცვისთვის საჭიროა დაახლოებით 1,4 მლნ დოზა.  კოვაქს პლატფორმით, წინასწარი ანგარიშით, ეს ჯდება 17 მლნ დოლარამდე და უკვე გადარიცხული გვაქვს 4 მლნ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close