იტალიაპოლიტიკა

იტალიის ჩრდილოეთში მასობრივი ტესტირება ჩაატარეს და მკაცრი კარანტინი გააუქმეს

იტალიაში ვაქცინაცია 2021 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონ ალტო ადიჯეში (სამხრეთ ტიროლი; ადმ. ცენტრი – ტრენტო; მოსახლეობა – 1,072 მლნ) მომავალი კვირიდან, 30 ნოემბრიდან უქმდება ძირითადი ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვები. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა არნო კომპაჩერმა დღეს, 24 ნოემბერს განაცხადა.

კერძოდ, ისევ გაიხსნება მაღაზიები და ბაზრობები, აგრეთვე, საპარიკმახეროები და კოსმეტიკური სალონები, ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლეები სკოლის მერხებთან გააგრძელებენ სწავლას. მომავალი კვირის ბოლოდან ისევ განაახლებენ მუშაობას ბარები და რესტორნები.

ამ დადგენილების მიღებამდე ალტო ადიჯეში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდა კორონავირუსზე. ექიმების გეგმის თანახმად, რეგიონის მოსახლეობის 2/3-ს უნდა გაეკეთებინა ტესტირება, რათა ადგილობრივ მთავრობას და ექიმებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის რეალური სურათი ჰქონოდათ.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება, ხოლო ტესტირების შედეგად გამოვლენილი 3400 უსიმპტომო ინფიცირებული იზოლაციაში გადავა, – განაცხადა კომპაჩერმა.

დღეს საღამოს მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 23 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ჩატარდა 188 659 ტესტი). „გვაქვს ცუდი რიცხვი – 853 გარდაცვლილი“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პროფილაქტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯანი რეზამ უწყების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდა. გუშინ გარდაცვალების 630 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვაქცინაციაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობის 60-70%-ის აცრა, „რათა კოლექტიური იმუნიტეტი მივიღოთ“. ეს ნიშნავს, რომ „უნდა აიცრას 42 მლნ იტალიელი და ეს დიდი რაოდენობაა, დიდი გამოწვევა, თუმცა 2021 წლის დასაწყისიდან ვაქცინის დოზების რაოდენობა თანდათან გაიზრდება და ერთზე მეტი ვაქცინის არსებობა უკვე უპირატესობაა“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს (Css) პრეზიდენტმა, პროფესორმა ფრანკო ლოკატელიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ რამდენიმე დღის წინ  la7-ის ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება.

კონტეს განმარტებით, ვაქცინაცია  სავალდებულო არ იქნება და ნებაყოფლობით საფუძველზე განხორციელდება, თუმცა  ხელისუფლება მას რეკომენდაციას გაუწევს. პირველ ეტაპზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები აიცრებიან.

„მე ვაქცინას გავიკეთებ, ვინაიდან როდესაც ვაქცინაციას დავუშვებთ, ის აბსოლუტურად უსაფრთხო და შემოწმებული იქნება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close