მსოფლიოსაზოგადოება

რატომ არ არის ჩინეთში პანდემიის მეორე ტალღა?

ჩინეთის ეკონომიკა ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა მსოფლიოში, რომელსაც 2020 წელს ზრდა აქვს

ჩინეთმა, როგორც ჩანს, დაამარცხა ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. უჰანშიც კი, საიდანაც, სავარაუდოდ, პანდემია დაიწყო, ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდა.

ზონგ ნანშანმა, ჩინელმა პულმონოლოგმა, პანდემიის  უძლიერესმა მკვლევარმა რეკომენდაციები შეიმუშავა ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც ჩინეთი მძიმე რესპირატორული სინდრომის – SARS-ის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროს ჩინელებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს კორონავირუს SARS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთის ბევრ ქვეყანას თუ  შევადარებთ ჯანმრთელობის ამჟამინდელი კრიზისის დაძლევაში, ამ ცოდნამ ჩინეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა მიანიჭა. იმ დროს, როდესაც ევროპა და აშშ პანდემიის მეორე ტალღას ებრძვიან, ზონგ ნანშანი მხოლოდ კარგ ახალ ამბებს აუწყებს  ჩინეთის საზოგადოებას.

ჩინელი ექსპერტის შეფასებით, რომელსაც მედია ავრცელებს, პანდემიის მეორე ტალღა ქვეყნის დიდ ნაწილში არ იქნება: „ჩინეთში კარგი მდგომარეობაა… მაგრამ ეს იყო გამარჯვება, რომელიც დიდი ბრძოლით მოვიპოვეთ“, – ამბობს 84 წლის ექიმი. მართლაც, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩინელმა ხალხმა მრავალი საყურადღებო მსხვერპლი გაიღო. მილიონიანი ქალაქების მკვიდრნი რამდენიმე კვირის განმავლობაში გარიყულნი იყვნენ გარე სამყაროსგან. იზოლაციის, მასობრივი ტესტირებებისა და ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის წყალობით, ჩინეთი ბევრად უკეთესად გაუმკლავდა პანდემიას, ვიდრე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. მართალია, ხელისუფლება, როგორც ჩანს, თითქმის სრულიად გულგრილი იყო მოქალაქეთა პირადი ცხოვრების პატივისცემის მიმართ, მაგრამ ამ მიდგომამ გაამართლა.

ჩინეთის ეკონომიკა აღდგენას იწყებს

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში უკვე თვეებია, არ დაფიქსირებულა, რის შედეგადაც ჩინეთში ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობა ნორმალურ რიტმს უბრუნდება. ეკონომისტების შეფასებით, წელს ჩინეთი იქნება ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა მსოფლიოში, რომელსაც აქვს ზრდა. უჰანშიც კი, პანდემიის პირველ ეპიცენტრში, ცხოვრება უკვე ნორმალურად მიმდინარეობს.

უჰანი იყო ჩინეთის პირველი ქალაქი, რომელიც გარესამყაროსგან დაიკეტა კორონავირუსის გავრცელების გამო. ქვეყანაში აღრიცხული 86 000-ზე მეტი შემთხვევიდან უჰანზე 50 000-ზე მეტი შემთხვევა მოდიოდა. კორონავირუსის 4600 მსხვერპლიდან 3800-ზე მეტი სწორედ ამ ქალაქის მკვიდრი იყო.

რა თქმა უნდა, ჩინეთში კარგად იციან, რომ ჯერ ინფექცია ერთხელ და სამუდამოდ არ დაუმარცხებიათ. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები დროდადრო იუწყებიან ინფექციის ადგილობრივ აფეთქებებზე – მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩინეთის აღმოსავლეთ რაიონ სინძიანში, სადაც ინფიცირების 180 შემთხვევა გამოვლინდა, ან სანაპირო ქალაქ ცინდაოში, სადაც ათობით ადამიანი დაინფიცირდა საავადმყოფოში.

ორივე შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია მყისიერი იყო: ცინდაოს თითქმის 10 მილიონ მცხოვრებს და სინძიანის 4 მილიონ მოსახლეს ჩაუტარეს ტესტირება რამდენიმე დღეში და ასობით ათასი ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს. დანარჩენ შემთხვევაში ჩინეთში ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close