fbpx
პოლიტიკაკრიმინალი

ბერლინში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

ბერლინში დღეს, 7 ოქტომბერს ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქში ერთი წლის წინ მოხდა. სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ბრალდების ტექსტი წაიკითხა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ფედერალური პროკურატურა რუსეთის მოქალაქეს, 55 წლის ვადიმ სოკოლოვს (იგი ცნობილია, აგრეთვე, როგორც ვადიმ კრასიკოვი) ბერლინის პარკში მაყუჩიანი პისტოლეტით ჩადენილ მკვლელობაში სდებს ბრალს.

დავალება „მსხვერპლის ლიკვიდაცია“ ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისგან მიიღო, განაცხადა პროკურორმა რონალდ გეორგმა (Ronald Georg). მკვლელობა განხორციელდა „მზაკვრული მეთოდით, ანგარებიანი მიზნებით ან სხვა ქვენა განზრახვებით“, – აღნიშნა ბრალმდებელმა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა შენგენის ვიზის მისაღებად და გერმანიის ტერიტორიაზე შესაღწევად ყალბი პასპორტი გამოიყენა. 2019 წლის აგვისტოში იგი მოსკოვიდან პარიზში ჩავიდა, იქიდან – ვარშავაში, ვარშავიდან კი – ბერლინში გადავიდა. გერმანიის დედაქალაქში იგი ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა მსხვერპლს, რომელიც არაფერს ეჭვობდა, თავიდან ხანგოშვილს პისტოლეტ Glock-იდან ესროლა სხეულის ზედა ნაწილში, ხოლო მას შემდეგ, რაც მსხვერპლი მიწაზე დაეცა, 2-ჯერ ესროლა თავში. გაქცევის მცდელობისას სავარაუდო დამნაშავე დააკავეს, – აღნიშნა პროკურორმა.

ამასთანავე, მოსამართლემ მიუთითა, რომ გერმანიის ხელისუფლებისთვის უცნობია მკვლელობის მთავარი ფიგურანტის ნამდვილი გვარი და სახელი, ამიტომ პროცესზე ბრალდებულს მიმართავენ, როგორც „ბატონო ეჭვმიტანილო“. ყველაფერს, რაც სასამართლო პროცესებზე ითქმება, რუსულ ენაზე ორი თარჯიმანი გადათარგმნის.

პირველი სხდომა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ხვალ, 8 ოქტომბერს ხანგოშვილის მკვლელობის მოწმეებს დაკითხავენ.

პროცესი უსაფრთხოების ზომების უმკაცრესი დაცვით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე გასაიდუმლოებულ იზოლატორში იმყოფება, სადაც იგი 2019 წლის დეკემბერში გადაიყვანეს – მას შემდეგ, რაც გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ ბერლინის იზოლატორში მყოფი ბრალდებულის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, ტირგარტენის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. სავარაუდო მკვლელი, მოწმეების ჩვენების წყალობით, იმავე დღეს დააკავეს.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო, ერთ-ერთი საველე მეთაური, რომელზეც მოსკოვს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით ცხოვრობდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა.

ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილს ადრეც დაესხნენ თავს – 2015 წლის 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მანქანიდან ესროლეს. ხანგოშვილს ოთხი ტყვია მხარსა და ხელში მოხვდა. მას ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ამ ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. თავდასხმას თავად ხანგოშვილი რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დაცვის გამოყოფას ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და უცხოეთში წავიდა.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: ბერლინში პანკისის მკვიდრი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ თანამშრომლობს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა

საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ბერლინში – პორტალ THE INSIDER-ის ჟურნალისტებმა ეჭვმიტანილი მეორე რუსის ვინაობა დაადგინეს

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close