fbpx
მედიცინატექნოლოგიები

ნობელის პრემია ქიმიაში ქალებმა მიიღეს „გენეტიკური მაკრატლის“ აღმოჩენისთვის

2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ფრანგ მიკრობიოლოგ ემანუელ შარპანტიეს და ამერიკელ ბიოქიმიკოს ჯენიფერს დუდნას მიენიჭა გენომის რედაქტირების მეთოდის – ე. წ. „გენეტიკური მაკრატლის“ აღმოჩენისთვის. ამის შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ განაცხადა.

შარპანტიემ და დუდნამ, თანამშრომლობის შედეგად, 2012 წელს აღმოაჩინეს გენების ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგია – „გენეტიკური მაკრატელი“, რომლის საშუალებით მეცნიერებს შეუძლიათ უკიდურესი სიზუსტით შეცვალონ ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების დნმ.

ეს ტექნოლოგია დღეს ცნობილია, როგორც CRISPR/Cas9 და მისი საშუალებით მეცნიერებმა უკვე შეძლეს ობის და მავნებლების მიმართ მდგრადი და გვალვაგამძლე მცენარეული კულტურების გამოყვანა.

ამჟამად მეცნიერ-მედიკოსები ატარებენ კლინიკურ ცდებს კიბოს, შიდსისა და სხვა დაავადებების  მკურნალობის ახალ მეთოდებზე, მათ შორის, „გენეტიკური მაკრატლის“ ტექნოლოგიის გამოყენებით. CRISPR/Cas9  იმედს იძლევა, რომ შესაძლებელი გახდება მემკვიდრეობითი დაავადებების ერთხელ და სამუდამოდ განკურნება.

გასულ წელს ქიმიაში ნობელის პრემია 3 მეცნიერს მიენიჭა ლითიუმ-იონური ბატარეების განვითარებისთვის – ჯონ გუდენაფს, სტენლი უიტინგემს და აკირა იოსინოს. გუდენაფი, რომელიც პრემიის მინიჭების მომენტში 97 წლის იყო, ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი გახდა ნობელის პრემიის ისტორიაში (მას მიმდინარე წლის 25 ივლისს 98 წელი შეუსრულდა).

პირველი მეცნიერი, რომელმაც პრემია ორ დარგში – ფიზიკასა და ქიმიაში მიიღო, მარია სკლოდოვსკაია-კიური გახდა. მან პირველმა შეისწავლა რადიოაქტიურობის ფენომენი და 1903 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა ფიზიკაში, ხოლო 1911 წელს ქიმიაში მოიპოვა ეს პრესტიჟული ჯილდო. მარია კიური იყო, აგრეთვე, პირველი ქალი, რომელიც ნობელის პრემიიის ლაურეატი  გახდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close