ბერლინში პანკისის მკვიდრი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 12 საათზე მოხდა.

ზელიმხან ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედისტმა იმ დროს მიაყენა, როცა იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. რა იყო მკვლელობის კონკრეტული მოტივი, ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ. ისინი სოფელ დუისში სამძიმარს დილიდან იღებენ.

ხეობის მცხოვრებთა ვერსიით, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების ან რამზან კადიროვის ხელი ურევია. ხეობის მკვიდრის, სულხან ბორძიკაშვილის ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომში რუსების წინააღმდეგ იბრძოდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. მისი სახელი და გვარი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროსაც ფიგურირებდა, იგი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ახმედ ჩატაევთან ერთად მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ამ მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ, 2015 წელს ხანგოშვილი უცნობმა პირებმა თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, გამოჯანმრთელებიდან მალევე მან საქართველო დატოვა და უკრაინის შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაღუპვის შესახებ imedinews-ი 23 აგვისტოს წერდა. გაზეთ Berliner Kurier-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა კაცს თავში ესროლა, შემდეგ კი იარაღი მდინარეში გადააგდო.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები