ლიტერატურა/წიგნებიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„ომს სიყვარული ამარცხებს!“ – ირაკლი შამათავა

„გამშვები პუნქტი“ – „ბავშვობადაკარგული“ მწერლის ქართულ-აფხაზური კრებული

ირაკლი შამათავა აფხაზეთიდანაა. ხუთი წლის იყო, ქალაქ გალში მშობლიური სახლ-კარი იძულებით რომ დაატოვებინეს. ომისდროინდელი მოგონებები ფოტოფირივით წლობით აიკინძა ნიჭიერი მწერლის შემოქმედებაში და „ბავშვობადაკარგული თაობის“ შემდეგ მორიგი პროზაული კრებული – „გამშვები პუნქტი“ გამოსცა. ქართულ-აფხაზური წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დასტამბა, მისი ძირითადი ხაზი ისევ აფხაზეთის ომია…

ირაკლი, თქვენმა წიგნმა „გამშვები პუნქტი“ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გამოცემიდან მოკლე დროში რამდენიმე ენაზეც კი ითარგმნა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა?

წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და აფხაზეთის ომის რეალურ ამბებს ეფუძნება. „გამშვები პუნქტი“ ორად გაყოფილ საქართველოზეა, ენგურს გაღმა და გამოღმა დარჩენილ ქართველებზე… „წიგნში დენთის სუნი ტრიალებს, თუმცა ბევრს არ ისვრიან“. მთავარი გზავნილია: შევეშვათ გამოძიებას, თუ რომელმა მხარემ გამოჰკრა პირველად იარაღის სასხლეტს ხელი; რომ ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ სიყვარულით უნდა შევძლოთ. აფხაზისა და ქართველის საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება ამბები, რომლებიც ისტორიის კუთვნილება ხდება. კრებულის ორენოვნებაც, ქართული და აფხაზური, შერიგების ერთგვარი მცდელობაა – ომს სიყვარული ამარცხებს.

როცა წიგნზე ვმუშაობდი, ჩემი მიზანი იყო „გამშვები პუნქტი“ აფხაზურად თარგმნილიყო და გადაელახა მავთულხლართები, ხელოვნური ბარიკადები… უკვე დღეს, წიგნს კითხულობენ გალში, გაგრაში, ოჩამჩირესა და სოხუმში.

წიგნის გამოცემამდე თქვენც იმყოფებოდით აფხაზეთში. მოგვიყევით იქაური ამბები…

აფხაზეთში ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი, როდესაც მამას ბიძაშვილი გარდაეცვალა. წასვლა ძალიან სარისკო იყო. ასეთ დროს ალტერნატივა ან მდინარის გადაცურვაა, ან ოფიციალური მიწვევა, რასაც არასდროს დავთანხმდები… მდინარე ადრეც არაერთხელ გადამილახავს. ენგური ომის მერე განსაკუთრებით შეუპოვარი გახდა…

რა გითხრათ? რთულია ომგამოვლილ სოფელზე და მონატრებულ ადამიანებზე მხატვრულად წერა! აფხაზეთში ჩასვლის დროს ერთმანეთში ირევა ტკივილი, სევდა, ბრაზი, სიხარული… საკუთარ სახლში სტუმრად ერთი დღით ჩასულს, რაღაცნაირი იმედით შემოგყურებენ… მე თითოეულ აფხაზეთელში დედაჩემის სევდიან თვალებს ვხედავ…

ვნახე გადამწვარი სოფელი, აქა-იქ გადარჩენილი ნასახლარები, ფარღალალა ღობეები, დაცარიელებული ბეღელ-ნალიები, წაქცეული გალავნები, ხიმინჯმორყეული ოდები… ყველგან ველური ლეღვი ხარობდა. მიუხედავად დაცარიელებული სახლებისა, თითქოს ადამიანური ხმები ჩამესმოდა… აყვავებულ მაგნოლიას და აკაციას ისევ ისეთი ბავშვობისდროინდელი სუნი აქვს, რომელსაც ხანგრძლივად დავატარებ თბილისშიც. მინდოდა ყველაფერი მეხსიერებაში ჩამრჩენოდა, ამიტომ არაერთი ფოტო გადავუღე იქაურობას და ოცდაოთხ საათში უკან დავბრუნდი. ჩემი წიგნის პრეზენტაციის დღეს კიეს ფოტომასალაც გამოვფინე, რომელიც სხვადასხვა სატელევიზიო არხზე უჩვენეს საზოგადოებას.

მით უმეტეს საინტერესოა, აფხაზეთთან მიმართებით რამდენად ამოწურეთ თქვენი სათქმელი?

ამ წიგნით სათქმელს ვერ ამოვწურავ, დასაწერი კიდევ ბევრი მაქვს. უპირველესად ის, რომ წიგნში ვერ შევიტანე საოჯახო პორტრეტები, ისტორიები, რომლებიც ასე მრავლად მაქვს.

კონკრეტულად რაიმე ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?

დასაწერი მაქვს ბიძებზე, განსაკუთრებით მამის ძმის, ნიაზ შამათავას ისტორია, ვფიქრობ, უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ის 2010 წელს გარდაიცვალა. ომის დროს იარაღის ხელში აღება ვერ შეძლო, რადგან არ იცოდა, ვისთვის ესროლა. დარჩა ასე შუაგულ ომში… მერე კი მესაფლავე გახდა… „ცინკის“ კუბოებს ამზადებდა. უამრავი ადამიანი დაასაფლავა ისე, რომ არც ეროვნებას კითხულობდა, არც მტრის ხატებას დაეძებდა. მარხავდა ყველა უპატრონო მიცვალებულს…

კიდევ იმ გმირ მამიდაზეც უნდა გიამბოთ, რომელმაც დევნილობის დროს სამოცდაათი ადამიანი მიიღო სტუმრად და რადგან ყველას სახლში ვერ დააბინავებდა, ამიტომ კარავი გაშალა. და ჰყავდა დევნილი სანათესავო ასე თვეობით, წლობით და ლუკმაპურს უნაწილებდა ყველას… იმ მამიდაზეც უნდა გიამბოთ, ფოთში საცხოვრებლად რომ მიგვიპატიჟა და პირველმა მასწავლა ქართულად წერა-კითხვა… კიდევ იმ გამზრდელ ბიცოლაზე მაქვს მოსაყოლი, რომელმაც კუთვნილი თანხით, ვიდრე თავად დააბინავებდა ქმარ-შვილს, ჩვენ გვიყიდა სახლი. როგორც მოგვიანებით ჰყვებოდა, ისეთი სევდა დაუნახავს მამაჩემის თვალებში, სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა… ეს ისტორიები ჯერ კიდევ ელოდება თავის მკითხველს და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავწერ.

ძალზე ჰუმანური და სულშიჩამწვდომი ამბებია, ვფიქრობ, ამ მონათხრობის წაკითხვის შემდეგ მკითხველი კიდევ უფრო დიდი ინტერესით და მოუთმენლად დაელოდება თქვენს მორიგ ლიტერატურულ ნაწარმოებს ამ თემაზე.

აფხაზეთის თემა ძალიან ფაქიზია, ახლაც ბეწვის ხიდზე გადის ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. იმის მიუხედავად, რომ 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად იძულებით დაგვატოვებინეს სახლი, დღემდე უხილავი ძაფებით ვინარჩუნებ კავშირს ჩემს სახლთან, ეზოსთან, ახლობელ ადამიანებთან, ბიძებთან, ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან და მათ ოჯახებთან, რომლებიც იქ დამრჩნენ. ამიტომ შევცვალე „გამშვებ პუნქტში“ გეოგრაფიული არეალები, პერსონაჟთა სახელები და წიგნში შემავალ ექვსივე მოთხრობაში მოვყევი ის ისტორიები, რაც სხვადასხვა წლებში შემეხო მე და სხვა ბავშვობადაკარგულ თაობას…

დევნილობის ჯაჭვი მთელი ცხოვრება მომყვება და ეს ჯაჭვი ისეთი გრძელია, ისეთი გაუსაძლისი, რომ… თითქოს ყველგან მხვდებოდა: სკოლის ჟურნალში, მეგობრობის დღიურში, საკლასო ოთახში, ექსკურსიებზე… დღემდე ასეა. აგერ, 27 წელი გავიდა, რაც სოხუმი დაეცა, ჩვენ კი შავიზღვისპირეთში, ქალაქ ფოთში დავსახლდით; ახლაც რომ ჩახვიდეთ ქალაქში და იკითხოთ ირაკლი შამათავა, გეტყვიან: „ააა, იის? დევნილი ბიჭი? მწერალი რომ გახდა?“ – თითქოს ამ „განაჩენს“ მარტო შინ დაბრუნება თუ გააქარწყლებდა, მაგრამ ვართ ასე მოლოდინში… გადის დღეები, თვეები, წლები… დაბრუნებას კი ძალიან დაუგვიანდა…

თქვენ, როგორც მწერალი და ხშირ შემთხვევაში მთხრობელ-პერსონაჟი, როდის გრძნობთ ყველაზე მტკივნეულად ოკუპაციის ძალას?

ორი თვის წინ მამიდა გარდამეცვალა სოფელ მზიურში. დაკრძალვამდე მაინც იმედი მქონდა, რომ როგორღაც შევაღწევდი აფხაზეთში, მაგრამ გავცუდდი. ჰოდა, ენგურს გამოღმა განაჩენგამოტანილ დებთან, ფეხმოკვეთილ ბიძასთან და სანათესავოსთან ერთად ვიდექი (ცხოვრება დევნილობის ჯაჭვს ხანდახან ჭირისუფალთა რიგებითაც ანაცვლებს). მამიდის ცხედრიდან ათიოდე კილომეტრი გვაშორებდა და ასე ვცდილობდით ხმის მიწვდენას. წარმოიდგინეთ, ყველაზე ახლოს ხარ მიცვალებულთან და, ამავდროულად, ყველაზე დიდი ბარიკადია შენ თვალწინ აღმართული! სწორედ ამ დროს ხვდები, როგორია ოკუპაციის ძალა და რამდენად მტკივნეულიც! სიკვდილზე ფიქრი არაფერია, უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ ასე მოკლე მანძილი გაშორებს და ვერა და ვერ ჩასულხარ. არ ვიცი, როგორ გინდა ატარო ეს სევდა მთელი ცხოვრების მანძილზე… თან ეს ხომ არაა პირველი შემთხვევა? …და გავაკეთე მომავალი წიგნისთვის მინიმალისტური ჩანაწერი: „დგას ტკივილისგან დაკრუნჩხული სანათესავო ენგურს გამოღმა და ვიყურებით საათზე, ყოფიერების აუტანელ მრიცხველზე. ცოტაც და – დასრულდება ყველაფერი, რასაც ჰქონდა თუ არ ჰქონდა აქამდე აზრი! მორჩა! არავინ ხარ, საერთოდ არავინ! ჯვალოს ტომარა უფრო ახერხებს აფხაზეთში გადასვლას, ვიდრე მე და ენგურსგამოღმა დარჩენილი სანათესავო!.. დრო უფრო და უფრო მოკლდება. ვგრძნობ, მზის ჩასვლამდე მიაყრიან მამიდას იმ მიწას, რომელთან განშორება ერთი დღეც არ მოისურვა…“

კადრ(ებ)ივით ცოცხლდება მოგონებები… 1993 წელი… მამიდა ნაღმზე აფეთქდა და ცალი ფეხი დაკარგა. გაგანია ომის დროს ცოტა ხნით ფოთში, ჩვენთან შეაფარა თავი, მაგრამ ვერ გაძლო. შვილებსაც ჩააკითხა უცხოეთში, – სცადა ეცხოვრა, მაგრამ რა მისი ბრალი იყო, რომ ვერ იგუა იქაური კლიმატი და მიხვდა, ბედნიერება მხოლოდ აფხაზეთში ელოდა. დაე, ეგუგუნა ქვემეხებსა და ტყვიებს მთელი 27 წელი. დაე, ევლო სახლის წინ ტანკებს და რუსულ სამხედრო ტექნიკას. თუნდაც ეცხოვრა შიშსა და სტრესში! მაინც ასე აჯობებდა. ძვირფასი მეუღლის, დედ-მამის, და-ძმის საფლავების სიახლოვეს მაინც იქნებოდა… ყველაფერს (მათ შორის, უცხოობაში უზრუნველ ცხოვრებას) არჩია მარტოობა და საკუთარ სახლში სიკვდილი… ასეთი რამ მხოლოდ გმირ ქალებს შეუძლიათ, რომლებიც გვაძლევენ მომავლის რწმენას, რომ მაინც დავბრუნდებით!.. გრძნობ, ბევრი რამის თქმა გინდა კიდევ, მაგრამ ამისთვისაც არ გყოფნის ძალა და ილაჯწართმეული ისევ რჩები ტკივილის პირისპირ. ეძებ გზას, რომ განაგრძნო ყელზე სამართებელივით მობჯენილი უაფხაზეთო ცხოვრება…

და ცხოვრების ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ლიტერატურულ-სამწერლობო ასპარეზზე, სამომავლოდ რას აპირებთ და, საერთოდაც, გვიამბეთ, როგორ დაიწყეთ წერა?

ამჯერად, მწერალ ინა არჩუაშვილის რედაქტორობით, გამოვცემ მორიგ კრებულს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართველი მწერლების მაღალმხატვრულ პროზაულ ტექსტებს აფხაზეთის ომზე. ეს ისეთი უიშვიათესი გამოცემა იქნება, რომ ვისურვებდი წიგნს ემოგზაურა როგორც აფხაზეთში, ისე მთელი მსოფლიოს გარშემო…

ლიტერატურულ დებიუტს რაც შეეხება, თავიდან ლექსებს ვწერდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ ამბის ჩემეული თხრობა პოეზიაზე მეტად პროზაში გამომდიოდა. ჰოდა, შევწყვიტე ლექსების წერა! გაჩერებაზე მაგარი რამე არ არსებობს სამყაროში. როცა რაღაც არ გამოგდის ან ცუდ ხარისხში აკეთებ, უნდა შეეშვა ამ საქმეს. ეს მარტო ლიტერატურას კი არა, ყველაფერს შეეხება. ბავშვობაში თითქმის ყველა სპორტი გამოვიცვალე, ცხვირის გატეხა გახდა საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ჩემგან მოკრივე არ გამოვიდოდა; ფეხბურთზე სირბილი რომ დამეზარა, სულ რაღაც ერთ კვირაში მივხვდი, მეტისმეტად ადრე მოვიდა ჩემში დაღლა და ასე წარმატებას ვერ მივაღწევდი. როცა დეკემბერში ნიჩბოსანთა კლუბში პროფესიონალი კანოისტივით შევიჭერი მდინარე კაპარჭინაზე, ისე რომ ნავის ტექნიკური მონაცემები არ შევამოწმე და კანოე შუა წყალში დამეძირა, გარდა იმისა, რომ ფილტვების ანთება ავიკიდე, მივხვდი, სპორტი საჩემო საქმე არ იყო… რაც უფრო დროულად ამოწურავს ადამიანი თავის „ექსპერიმენტებს“, მით მალე იპოვის თავის ეგოს სამყაროში. ეს ამბები ცოტა განსხვავებულად, მაგრამ მაინც მოვყევი მოთხრობაში „სახლიდან გაქცეულის დღიურები“, რომელიც შესულია წიგნში „გამშვები პუნქტი“.

თუმცა მაინც მგონია, რომ ჯერაც ძიების პროცესში ვარ. რაც მეტს ვცდილობ, მით მეტი მინდება. ადამიანურია ესეც. ალბათ, ერთხელაც ხმაურით დავიღლები და შესაძლოა ყველაზე კარგი ნაწარმოები იმ დაღლის დროს შევქმნა… რაც ყველაზე ძლიერ მომინდა 32 წლის ასაკში, ეს წყნარად ცხოვრებაა. იქნებ ამიტომაც, აჯობებს ვისწავლო კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია… შევიძინო ერთი ფოტო-ვიდეოაპარატი და დავიწყო ცხოვრების კადრების აკინძვა. უმრავლესობა ფოტოკადრს შავ-თეთრად გადავიღებდი, იშვიათ შემთხვევაში ფერადსაც გამოვურევდი. ფილმად გიამბობდით აფხაზეთის ომში დაბერებულ, დანაოჭებულ თაობებზე, მოხუცებზე და ბედსშეგუებულ ახალგაზრდობაზე…

მანამდე, თუ არ ვცდები, „გამშვები პუნქტი“ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელდება და ემიგრანტებს აქვთ მისი წაკითხვის შესაძლებლობა… რას ეტყოდით მათ?

დიახ, წიგნი გამოცემისთანავე მცირე ტირაჟით გავრცელდა საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში. გარდა ამისა, ელექტრონული ვერსია განთავსებულია saba.com-ზე, სადაც ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია წიგნის ელექტრონულად შეძენა და წაკითხვა. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ევროპიდან მომდის წიგნზე შთაბეჭდილებები და ეს ისეთ სიხარულს მანიჭებს, რომ აღწერაც გამიჭირდება.

ემიგრანტობა უდიდესი სევდაა, მით უფრო, რომ აფხაზეთის ომის მერე ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა უცხოობაში გადახვეწილიყო. ისინი შორს არიან ოჯახებისგან, მეგობრებისგან, საფლავებისგან… სწორედ ამიტომ, მე მათაც გმირებად მივიჩნევ, რადგან ოთხმოცდაათიანებში შეძლეს გადარჩენა, ფეხზე წამოდგომა და ხელახალი ცხოვრების დაწყება. რომ არა მათი ეს ხასიათი, ბავშვობადაკარგულობიდან ცხოვრებადაკარგულებად იქცეოდნენ.

აქვე გეტყვით, რომ მე, როგორც დევნილს, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მომიწია ცხოვრება, სახლი მაინც ერთი მაქვს. მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის მე არ მეკუთვნის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ადამიანი არის მეხსიერება, რომელშიც ინახება მხოლოდ ის მასალა, რომელიც ძვირფასია. ჩემი საკუთრება კი, რამდენჯერაც არ უნდა დამიწვან სახლი და რამდენჯერაც არ უნდა გამომხიზნონ, მაინც სოფელ რეფი-შეშელეთშია. სხვათა შორის, დიდი ილია ვეკუას სოფელია ეს შეშელეთი და მისი მუზეუმი რომ გაძარცულია, ამით ორმაგად ვხვდები ომის ნეგატიურ შედეგს.

 დაბოლოს, წელს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 27 წელი სრულდება – თქვენი სათქმელი…

შინ დავბრუნდებით!.. თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ჯერ ერთმანეთი გვყავს დასაბრუნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მიწა, ყველა გეოგრაფიული არეალი თავის მნიშვნელობას (და)კარგავს.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close